დავით ზალკალიანმა საგარეო უწყების 10 პრიორიტეტი დაასახელა

დავით ზალკალიანმა საგარეო უწყების 10 პრიორიტეტი დაასახელა

პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში, საქართველოს პირველ დიპლომატს, დავით ზალკალიანს უსმენენ. დეპუტატების წინაშე სიტყვით წარდგენა მან საგარეო უწყების 10 პრიორიტეტის დასახელებით დაიწყო.

„ჩვენი პირველი, უმთავრესი მიზანია 10-წლიან პერსპექტივაში, 2030 წლისთვის, ქვეყნის დეოკუპაციის პროცესის დაწყება და მისი მიმდინარეობის შეუქცევადობა. აუცილებელია, რომ ჩვენ გვქონდეს ხელშესახები პროგრესი და მივაღწიოთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;

მეორე მიზანი გახლავთ 2024 წელს განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობაზე;

მესამე – ნატოს ალიანსთან ერთად შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება ნატოში;

მეოთხე – აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა და აშშ-სთან ყოვლისმომცველი, ჩამოყალიბებული ალიანსის შექმნა;

მეხუთე – ევროპის ქვეყნებთან ერთად, არსებული ფორმატების სტრატეგიულ ფორმატებად გარდაქმნა. მნიშვნელოვანია, ევროპის ყველა ქვეყანა გავიხადოთ მოკავშირედ;

მეექვსე – მეზობელ ქვეყნებთან, დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე ორიენტირებული, ურთიერთსასარგებლო რეგიონული პოლიტიკის გატარება;

მეშვიდე – დეოკუპაცია, დეოკუპაცია და დეოკუპაცია – ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით და მხოლოდ ამის შემდეგ, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, ურთიერთობის ნორმალიზაციაზე საუბარი;

მერვე მიზანი – ევროკავშირთან დაკავშირებადობის დიალოგის დაწყება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად, რაც , საბოლოოდ, მიზნის მიღწევაში უნდა დაგვეხმაროს;

მეცხრე – აქტიური ეკონომიკური დიპლომატია, ინვესტიციები, სატრანსპორტო, ენერგეტიკული პრეფერენციები, საექსპორტო პირობების გაუმჯობესება და დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრის უზრუნველყოფა;

მეათე მიზანია ძლიერი დიასპორა, ძლიერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერებით და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები