დავით ზალკალიანი – პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასთან და სამთავრობო პროგრამასთან სრულ თავსებადობაშია

დავით ზალკალიანი – პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასთან და სამთავრობო პროგრამასთან სრულ თავსებადობაშია

საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის, დავით ხზალკალიანის განცხადებით, მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრულია ქვეყნის მომზადება 2024 წლისთვის, როდესაც საქართველომ უნდა გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

ზალკალიანის თქმით, ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

მისივე განმარტებით, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასთან სრულ თავსებადობაშია.

„მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრული ქვეყნის მომზადება 2024 წლისთვის, როდესაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ეს არ არის მარტივი საკითხი, არ არის მხოლოდ განაცხადი, განაცხადის გაკეთებას  სჭირდება სერიოზული, კონკრეტული ნაბიჯები, ამიტომ ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ქვეყანა მომზადდეს 2024-სთვის.

ამ მიმართულებით აუცილებელია, იყოს სრული კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის საქმიანობა უნდა იყოს კოორდინირებული, ამიტომ რეზოლუცია, რომელიც მიიღო პარლამენტმა და ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, სამთავრობო პროგრამა არის სრულ თავსებადობაში.

ეს მოითხოვს ყოველდღიურ შრომას, ყველა სამინისტრო, ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულია, შეასრულოს ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც საქართველოს აქვს. წინა შესრულება აღიარებული იყო, როგორც ძალიან ეფექტური, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მაღალი შეფასება დავიმსახურეთ.

ახლა დავიწყეთ 2021-2027 წლის სამოქმედი გეგმაზე მუშაობა, ამ გეგმის სწორად შესრულება იქნება ერთ-ერთი განმსაზღვრელი ჩვენთვის, რათა გაკეთდეს განაცხადი 2024 წლისთვის.

ეს არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა, არამედ ყველა უწყების, რომელიც ჩართულია ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში, თავისი სექტორალური მიმართულებით. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმუშავებთ ევროკავშირის სტრუქტურებთან იმისთვის, რომ ევროკავშირის ყველა არსებულ პროექტში და პროგრამაში ქვეყნის მეტი ფიზიკური ინტეგრაცია მოხდეს, ჩვენ ფაქტობრივად, უკვე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც წევრმა ქვეყანამ.

ყველა ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს წევრი ქვეყნის ნაბიჯის შესაბამისი, ამიტომ უკვე დღევანდელი დღიდან დაწყებული, ჩვენი სტრუქტურის ყველა რგოლის ამოცანა არის, რომ პარტნიორებთან ერთად ვიყოთ მჭიდრო კოორდინაციაში, რათა ვუზრუნველვყოთ საქართველოს მეტი ჩართულობა არსებულ პროგრამებში, ენერგეტიკის მიმართულებით, ტრანსპორტის, კულტურული პროექტები, ასევე განათლების მიმართულებით. ჩვენ გვჭირდება მეტი თავსებადობა, მეტი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირის პროექტებში, რამაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ევროკავშირი დაინახავს საქართველოს მიმზიდველობას, რომ ჩვენ გვაქვს ფუნქცია რეგიონში, რომ ჩვენ ვართ თავსებადი, როგორც ღირებულებითი თვალსაზრისით, ასევე იმ პრაქტიკული ნაბიჯებით, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით დგამს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებაზეც.

„საზოგადოებამ კარგად იცის, როდესაც მე ანგარიში ჩავაბარე, ვისაუბრე იმ ხეშესახებ შედეგებზე, რომელიც ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით გვქონდა. ძალიან თვალსაჩინო შედეგები იყო, თუნდაც ბოლო მინისტერიალი, საიდანაც ჩვენ ორი ძალიან მსუყე შედეგით დავბრუნდით.

ერთი გახლდათ ნატო-საქართველოს ერთობლივი განახლებული პაკეტის მიღება და მეორე -ნატო-ს 2030-ის სტრატეგიის დოკუმენტის მიღება, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს, ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით მაღალი დიალოგის დაწყება, ეს იქნება ასევე ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით ორი ძირითადი მიმართულება.

ბუნებრივია, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან პირველი მჭიდრო კონტაქტების დამყარება, რაც უკვე იანვარ-თებერვლისთვის ჩვენი მთავარი სამოქმედო განმასზღვრელი გეგმა იქნება, რადგანაც მას შემდეგ, რაც ახალი ადმინისტრაცია შევა სრულფასოვან ძალაუფლებაში, საჭიროა მათთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობების დამყარება უკვე ახალი ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებთან.

საქმეს გვიადვილებს ის ფაქტი, რომ ახალარჩეულ პრეზიდენტს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც არიან დასახელებული საგარეო პოლიტიკური კუთხით მაღალ თანამდებობებზე, აქვთ საქართველოს ძალიან კარგი ცნობადობა. წინა ადმინისტრაციის დროს, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ჩვენ მათთან კარგი კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობების სწრაფად აღდგენა და ასევე სამომავლო პერსპექტივებზე საუბარიც“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები