დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა

კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტი წარუდგინა.
მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებით ხდება მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტება. როგორც ითქვა, არსებული ბიუჯეტით დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდის 4.5%-იან მაჩვენებელზე, თუმცა 10 თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით რეალური ეკონომიკური ზრდა 5.1%-ს შეადგენს. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 5.0%-ით განისაზღვრა. იზრდება მთავრობის სარეზერვო ფონდი, ასევე იზრდება თითქმის ყველა სხვა მხარჯავი დაწესებულების ბიუჯეტი, გარდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსი, რადგანაც არ მოხდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული თანხების სრულად ათვისება.
როგორც პროექტშია აღნიშნული, დევნილთა განსახლების ღონისძიებებისათვის დამატებით 45 მლნ. ლარი გამოიყოფა დევნილთა სახლების შეძენისათვის, რითაც დამატებით 500-ე მეტი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. ასევე, იზრდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები 40.0 მლნ ლარის ოდენობით და განისაზღვრება 300.0 მლნ ლარით, რომელიც მიიმართება მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების დაფინანსებისთვის. აღნიშნულ თანხაში არ არის გათვალისწინებული ახალი პროექტების დაფინანსება.
170 მლნ ლარით იზრდება მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობაც. აღნიშნული რესურსები გამოიყოფა თბილისის მუნიციპალიტეტისათვის, მათ შორის ავტობუსების შეძენის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 120,0 მლნ ლარი, ხოლო 50,0 მლნ ლარი ქალაქისათვის მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტების დაფინანსებისთვის.რაც შეეხება მიმდინარე წელს მისაღებ გრანტებს, ეს მაჩვენებელი 74.3 მლნ ლარით მცირდება.
კანონპროექტის წარდგენის შემდეგ მომხსენებელმა უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს.
საქართველოს პარლამენტის წევრის, რევაზ არველაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენით განიხილა კომიტეტმა.
კანონპროექტის შემოთავაზებული რედაქციით შემოდის ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის სტატუსი, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესყიდვას და მიწოდებას პირდაპირი მომხმარებლებისთვის. რევაზ არველაძის განმარტებით, დადგა საჭიროება თანდათანობით გაიზარდოს საბითუმო ბაზარზე მონაწილეთა რაოდენობა, რათა მომხმარებელთა ნაწილი, რომელიც არ წარმოადგენს საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, გადავიდეს თავისუფალ საბაზრო ურთიერთობებზე და გაიზარდოს ელექტროენერგიის ბაზრის ლიკვიდურობის გარკვეული დონე. მისი თქმით, ასევე, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები, რომლებიც დღეის მდგომარეობით წარმოადგენენ განაწილების ლიცენზიანტების აბონენტებს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებთან ერთად იყოფენ განაწილების ლიცენზიატების პაკეტში შემავალ შედარებით იაფფასიან ელექტროენერგიას და მათი მოხმარების ზრდა მოქმედებს ტარიფზე. პროექტით ეს ტვირთი ნაწილდება არაკომერციულ საყოფაცხოვრებო მომხმარებელზეც.
კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ, ხომ არ გამოიწვევს ეს ცვლილება სამომხმარებლო პროდუქტის ან მომსახურების გაძვირებას. ასევე ისაუბრეს იმ რისკებზე, რაც ამ ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ბიზნესთნ მიმართებით. საკითხი, რომლის განხილვაში ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ბიზნესის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ ხანგრძლივი მსჯელობის საგანი გახდა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკითხს.
საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავას, ზაზა ხუციშვილის, ენძელა მაჭავარიანის და გელა სამხარაულის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენით განიხილეს.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონს ემატება მუხლი, რომლის თანახმადაც „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გარეშე განხორციელებულ ექსპორტისა და რეექსპორტის შემთხვევებზე, გამონაკლისი სახით შესაძლებელია ამ ნებართვის რეტროსპექტიულად გაცემა.
ზაზა ხუციშვილის განმარტებით, ცვლილებების განხორციელების საჭიროება დადგა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის განხილვის შედეგად მიღებული შენიშვნებისა და კომენტარების გათვალისწინებით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკითხს.
პარლამენტის წევრების ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი „საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს ერთი მხრივ, ბიზნესომბუდსმენის კომპეტენციას დაემატოს საერთო სასამართლოებში „სასამართლო მეგობრის“ (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულება. ასევე, ბიზნესომბუდსმენს მიენიჭოს უფლება ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს საკუთარი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია.
კითხვებზე პასუხების ამოწურვის შემდეგ კენჭისყრით დაუჭირეს მხარი კანონპროპექტს. კომიტეტის წევრთა ნაწილმა, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარემ, თავი შეიკავა საკითხის მხარდაჭერისგან.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ წარმოადგინა სხდომაზე განსახილველად.
ცვლილების მიხედვით აუდიტორების რეესტრში რეგისტრაცია გამარტივდება იმ პირებისათვის, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე (25.06.2016) არანაკლებ 7 წლის განმავლობაში ასრულებდნენ გარიგების პარტნიორის უფლებამოსილებას და ამავე კანონის ამოქმედების შემდეგ ვერ ითვლებიან სერტიფიცირებულ ბუღალტრებად. პროექტის მიზანია პროფესიული ორგანიზაციების მიერ ხარისხიანი საგამოცდო პროგრამის (ტესტირების) შემუშავებამდე ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) წევრი ორგანიზაციების წევრმა ფიზიკურმა პირებმა 2019 წლის 1 ივნისამდე შეძლონ ტესტირების გავლის გარეშე რეესტრში რეგისტრაცია. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე კენჭისყრაზე დააყენა წინა სხდომისას განხილული საკითხები და მხარი დაუჭირა მათ. ესენია: საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)“ N1 ცვლილების წერილი-შეთანხმება“, საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველო-ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმება
და 767 პირის მიერ წარმოდგენილი პეტიცია „ვაქციოთ საქართველოს ყოველი მოქალაქე ქვეყნის რეალურ მესაკუთრედ“.
აღნიშნული პეტიცია ითვალისწინებს, რომ თითოეული მოქალაქის მატერიალური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით საქართველოს ყოველ მოქალაქეზე ყოველთვიურად გაიცეს 1000 ერთეული სპეციალური საინვესტიციო ფული „ინვესტი“.
ნებისმიერი ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გასაყიდად იქნება გამოტანილი, გაიყიდოს მხოლოდ ინვესტებზე, ღია, საყოველთაო ელექტრონულ აუქციონებზე, ლოტების ან აქციების სახით. კომიტეტის გადაწყვეტილებით საკითხი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები