„დარგე ერთი ხე დღესვე“ – სოციალური პროექტი

„დარგე ერთი ხე დღესვე“ – სოციალური პროექტი

ბოლო დროს საქართველოში გაჩენილი პერმანენტული ხანძრები უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფაა ქვეყნისათვის. ამ კატასტროფული ზიანის შედეგების აღმოფხვრას თაობები დასჭირდება, ამიტომ ჩვენი ქვეყნის ისედაც დაზიანებული ეკოსისტემის რეაბილიტაციაზე ზრუნვა დაუყონებლივ, დღესვე, უნდა დაიწყოს.

საზოგადოებრივი მოძრაობა „სახალხო თვითმმართველობა“ და სამებაღეო კომპანია „სუპერ მოურავი“ იწყებენ ერთობლივ სოციალური პროექტს – „დარგე ერთი ხე დღესვე“, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ საქართველოს ყველა რაიონში, ქალაქში, დაბასა თუ სოფელში თითო ნარგავი მაინც დარგოს.

პროექტის ფარგლებში მოხდება მსურველების ნარგავებით უფასო უზრუნველყოფა, ასევე, სამებაღეო კომპანია „სუპერ მოურავის“ სპეციალისტები უსასყიდლოდ დაეხმარებიან დარგვის ორგანიზებაში და მისცემენ პროფესიონალურ რჩევებს ნარგავების შემდგომ მოვლაზე. ამასთან, მოხდება პროექტის ყველა მონაწილის სახელობითი განთავსება სამოქალაქო აქტივობის ეროვნულ სიაში, სამოქალაქო აქტივობის სიგელი გადაეცემა ყველა შემომწირველსა თუ მოხალისეს და გამოქვეყნდება საჯაროდ.

პროექტის ფარგლებში მომზადდება პეტიცია, რომლის მთავარი მოთხოვნა იქნება – 2018 წელი საქართველოში ეკოლოგიიის წლად გამოცხადდეს და დაწესდეს წელიწადში ერთი დღე, აბსოლუტურად თავისუფალი სატრანსპორტო საშუალებების მუშაობისგან და მას „მწვანე დღე“ ეწოდოს.

„პროექტის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მედია მხარაჭერა, იმედს გამოვთქვამთ, ბეჭდური თუ ელექტრონული მედია გულისყურით მოეკიდება ამ წამოწყებას და დაგვეხმარება საზოგადოებამდე მივიტანოთ ინფორმაცია პროექტზე, რომელიც იყოფა ორ ნაწილად.

პირველი ეტაპი: 2017 წლის 4 სექტემბერი-10 ოქტომბერი – საორგანიზაციო საკითხები, პეტიციის ტექსტის შედგენა და ხელმოწერების დაწყება, შემოწირულობების კონსოლიდაცია, საზოგადოების ინფორმირება პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

მეორე ეტაპი: ა) 2017 წლის 10 ოქტომბერი-30 ნოემბერი (თბილისი და შემოგარენი): მსურველებისთვის ნარგავების დარიგება, დარგვაში დახმარება და შემდგომი მოვლის ინსტრუქციის გადაცემა, პეტიციის ხელმოწერების დამთავრება და კომპეტენტური ორგანოსთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარდგენა. პროექტის პირველი ეტაპის შედეგების პრეზენტაცია.

ბ) 2018 წლის 10 თებერვალი-30 მაისი (თბილისი და რეგიონები): შემოწირულობების კონსოლიდაცია, მსურველებისთვის ნარგავების დარიგება, დარგვაში დახმარება და შემდგომი მოვლის ინსტრუქციის გადაცემა. პროექტის შედეგების პრეზენტაცია.

პროექტის მდინარეობისას ყველა ფინანსური ხარჯი (უკანასკნელ თეთრამდე ) პერიოდულად გამოქვეყნდება და მიეწოდება საზოგადოებას.

პროექტის მიმდინარეობის მექანიზმი ასეთია: ხის დარგვის მსურველი რეკავს ცხელ ხაზზე და გამოთქვამს სურვილს, დარგოს თავის კუთვნილ ტერიტორიაზე ხე-მცენარე. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ნარგავების ადგილზე მიტანას და დარგვას, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია ნარგავების გატანაც და საკუთარი შეხედულებისამებრ დარგვა მოხალისეების მიერ,“ – ნათქვამია პროექტის ორგანიზატორთა განცხადებაში.

დასარგავი ხე-მცენარეების ჩამონათვალი: ელდარის ფიჭვი, შავი ფიჭვი, კედარი, კვიპაროსი, მუხა, ცაცხვი, ჭადარი და სხვ. ნერგების ასაკი – 2-3 წელი. მიწოდების ფორმა – ქოთნით.

„პროექტის განხორციელება მთლიანად დამოკიდებულია საქართველოს მოქალაქეების და ორგანიზაციების სოციალურ აქტიობაზე და ფინანსურ შემოწირულობებზე.

გამოვთქვამთ რწმენას, რომ პროექტის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესს ორგანიზაციები, გამწვანების სფეროში დაკავებული კომპანიები, სანერგეები, რიგითი მოქალაქეები და ჩვენი ემიგრაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. გარწმუნებთ, რომ თქვენს მიერ გაღებული თვითოეული თეთრი მოხმარდება ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ბევრი ჩვენთაგანი აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესის განხორციელებაში,“ – აცხადებს „სახალხო თვითმმართველობის“ თავჯდომარე გოგი ლორთქიფანიძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები