დაკავებულ აქტივისტს, რომელმაც დეპუტატ ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა, ბრალს დღეს წაუყენებენ

დაკავებულ აქტივისტს, რომელმაც დეპუტატ ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა, ბრალს დღეს წაუყენებენ

ბათუმში, დევნის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს დღეს ბრალს წაუყენებენ. პირი, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციამ ერთი დღის წინ დააკავა. პარალელურად მისი გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში აქცია დაინიშნა.

ამ ეტაპისთვის მას ბრალი წარდგენილი არ აქვს და დღის განმავლობაში მოხდება მისი ბრალის წარდგენა. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების მიზნების განხილვას, სავარაუდოდ, ალბათ მოხდება ხვალისათვის. დოკუმენტაცია ჯერჯერობით რაიმე სახის არ გადმოგვცემია, შესაბამისად, მსჯელობა იმის თაობაზე იყოს მისი მხრიდან თუ არა რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ვერაფერს ვერ გეტყვით, მითუმეტეს, რომ იყენებს დუმილის უფლებას და არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას,” – განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან და წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეიკრიბებიან. მომხდარს უკვე გაემიჯნა პარტიების ნაწილი, ასევე ის არასამთავრობოებიც, რომლებიც ინცინდენტის დროს აქციაზე თავადაც იმყოფებოდნენ.

“ჩვენ არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, გაჩერებას და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ ბრძოლას. ჩვენ ვერც იმ საზოგადოების ბულინგი ვერ გაგვაჩერებს, ვინც ხელებდაკრეფილი ზის საკუთარ სახლებში, სითბოში და ჩვენ აქ 3 თვის განმავლობაში ვიყინებით პირდაპირი მნიშვნელობით. ვაგრძელებთ იგივე ბრძოლას,” – აცხადებს მოძრაობა “ალტერნატივას” წევრი ხათუნა ბერიძე.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, ისინი აპირებენ ირაკლი ფანგანისადმი მხარდამჭერი აქციების ჩატარებას.

ძალიან უთანასწორო ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს აუცილებლად, ირაკლი ფანგანისნაირი ახალგაზრდებით, პატრიოტებით და აი ზუსტად ასეთი ადამიანების ზურგზე უნდა მოხდეს ამ ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ აუცილებლად გვექნება ირაკლი ფანგანისადმი მხარდამჭერი აქციები, მათ შორის მივალთ იზოლატორთან, საპყრობილესთან,” – განაცხადა ბონდო თედორაძემ.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრი ირაკლი ფანგანი პოლიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიმართ განხორციელებული დევნისა და ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. რამდენიმე დღის წინ მან ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც საპროტესტო აქციაზე მივიდა, ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი დააყარა. პროტესტის მიზეზი ირაკლი ჩავლეიშვილის მხრიდან ბოიკოტზე უარი და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა იყო.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები