CNN: ქერჩის სრუტეში დაძაბულობის გამო აშშ-მ შესაძლოა, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდები გააგზავნოს

CNN: ქერჩის სრუტეში დაძაბულობის გამო აშშ-მ შესაძლოა, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდები გააგზავნოს

ქერჩის სრუტეში უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის გამო აშშ-მ შესაძლოა, შავ ზღვაში სამხედრო ხომალდები გააგზავნოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა სთხოვეს სახელმწიფო დეპარტამენტს, გააფრთხილოს თურქეთი, რადგან გემებმა შესაძლოა გაიარონ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები, რომელიც ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას აკავშირებენ.

ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში სამხედრო ხომალდების მიმოსვლას მონტროს 1936 წლის კონვენცია არეგულირებს. კონვენციის მიხედვით, ქვეყნებმა, რომლებსაც შავ ზღვაში სანაპირო ზოლი არ აქვთ, სრუტეებში მიმოსვლისთვის თურქეთს მინიმუმ 15 დღით ადრე უნდა შეატყობინონ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა თურქეთთან დიპლომატიური მიმოწერის ხასიათზე საუბარი არ ისურვა.

ქერჩის კრიზისი

25 ნოემბერს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა და შემდეგ დააკავა. რუსეთმა უკრაინის 20-ზე მეტი სამხედრო დააკავა.

კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა რუსულმა მხარემ უკრაინული გემები თავისი საზღვაო ტერიტორიის დარღვევაში დაადანაშაულა. 25 ნოემბერს, დილით, უკრაინული გემები “ბერდიანსკი” და “ნიკოპოლი”, ბუქსირ “იანა კაპასთან” ერთად შავი ზღვის ტერიტორიიდან აზოვის ზღვაში მიცურავდნენ ქერჩის სრუტის გავლით. ეს არის ერთადერთი გზა ამ მიმართულებით წასასვლელად, რომლის აკვატორიასაც რუსეთი და უკრაინა იზიარებენ.

უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსეთმა პროვოკაცია მოაწყო. მათი მტკიცებით, რუსული გემი უკრაინელების ბუქსირს განგებ შეეჯახა, რის შედეგადაც ბუქსირის რამდენიმე ნაწილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. შეჯახების შემდეგ უკრაინულმა გემებმა მარიოპოლისის მიმართულებით ცურვა განაგრძეს, თუმცა რუსულმა მხარემ ქერჩის სრუტეზე გამავალი ხიდის ქვეშ ტანკერი ჩააყენეს და უკრაინულ გემებს გზის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ადგილზე რუსული ვერტმფრენებიც გამოჩნდნენ, რათა ტერიტორია გაეკონტროლებინათ.

რუსული მხარის განცხადებით, ამ მოქმედებებს უსაფრთხოების ზომების მისაღებად ახორციელებდნენ. ამ ფაქტს უკრაინული მხარე უარყოფს. მათი მტკიცებით, გემების გადაადგილების მარშრუტი წინასწარ იყო შეთანხმებული რუსულ მხარესთან.

26 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ დაამტკიცა პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განკარგულება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

საომარი მდგომარეობა რუსეთის საზღვართან მდებარე 10 რეგიონში გამოცხადდა და 30 დღე გაგრძელდება. საომარი მდგომარეობა არ გულისხმობს საომარი მოქმედებების წარმოებას. პოროშენკოს განცხადებით, უშიშროების საბჭომ მას 60-დღიანი ვადა შესთავაზა, თუმცა უარი თქვა. ამის მიზეზად პრეზიდენტმა ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციები დაასახელა.

როგორც პოროშენკომ განმარტა, საგანგებო მდგომარეობა არ ითვალისწინებს უკრაინის მოქალაქეების უფლებების რაიმე სახით შეზღუდვას. მისივე თქმით, საომარი მდგომარეობა ხელს არ შეუშლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას.

საომარი მდგომარეობის პერიოდში 16-დან 60-წლამდე რუსეთის მოქალაქე კაცებს უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. გამონაკლისი იქნება ჰუმანიტარული ხასიათის მგზავრობები, მათ შორის, დაკრძალვაზე დასწრება.

ქერჩში განვითარებულ მოვლენებს მაშინვე მოყვა რეაქცია საერთაშორისო საზოგადეობის მხრიდან. მათ დაგმეს რუსეთის ქმედებები და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში დაადანაშაულა.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები