ჩვენი მიზანია ვიხილოთ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა რეგიონებში-მამუკა ბახტაძე

ჩვენი მიზანია ვიხილოთ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა რეგიონებში-მამუკა ბახტაძე

“ჩვენი მიზანია პირველი, –  მნიშვნელოვნად გავზაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში და მეორე, – ვიხილოთ უფრო მეტი ეკონომიკური აქტივობა, უფრო მეტი მცირე და საშუალო მეწარმე ჩვენს რეგიონებში”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბათუმში მცირე მეწარმეებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიდგომაა, არც ერთი საგადასახადო ინიციატივა არ იყოს მიღებული მოქალაქეებთან, მეწარმეებთან კონსულტაციების გარეშე.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანი სწორედ ეს არის, რომ ის მასშტაბური რეფორმა, რომელსაც გეგმავს საქართველოს მთავრობა, იყოს წინასწარ გავლილი ჩვენს მეწარმეებთან და მათგან მივიღოთ დამატებითი რეკომენდაციები და წინადადებები, როგორ შეიძლება ეს ინიციატივა კიდევ უფრო დაიხვეწოს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, რომ მივაღწიოთ ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს.

„საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩვენ ჩავალთ რეგიონებში და მოვუსმენთ მეწარმეებს. აჭარას ამ კუთხით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, როგორც დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე რეგიონს. ეს არის ძალიან მასშტაბური რეფორმა, რომლის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება. რეფორმა ეხება 120 ათას მეწარმეს და მათ უკან მდგომ ოჯახებს. ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული რეფორმის დანერგვის შემდეგ ჩვენ ვიხილავთ ამ სექტორის მნიშვნელოვნად გაზრდილ წილს ჩვენს ეკონომიკაში”, – განაცხადა  მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები