„ჩვენი მიზანია, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული უვიზო რეჟიმი, მაქსიმალურად მოემსახუროს ხალხთა შორის კონტაქტებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს-მიხეილ ჯანელიძე

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული უვიზო რეჟიმი, მაქსიმალურად მოემსახუროს ხალხთა შორის კონტაქტებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს-მიხეილ ჯანელიძე

თურქეთში ყოფნის ვადებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებზე ორ ქვეყანას შორის კონსულტაციების დასრულებამდე არ გავრცელდება.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ თურქულ მხარესთან აქტიური კონსულტაციები გაიმართა, მათ შორის, სატელეფონო საუბარი შედგა ორი ქვეყნის შს მინისტრებს შორის.

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველო-თურქეთს შორის არსებული ის უვიზო რეჟიმი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, მაქსიმალურად მოემსახუროს ხალხთა შორის კონტაქტების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გარღმავებას. ამიტომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა თურქულ მხარესთან. როგორც გუშინ, შს მინისტრებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ იქნა გაცხადებული, თურქულმა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნულმა რეგულაციამ საქართველოს მოქალაქეებზე არ იმოქმედოს კონსულტაციების დასრულებამდე, ამიტომ დანარჩენი დეტალები კონსულტაციების შემდეგ იქნება ცნობილი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა, იმავე დღეს უკან დაბრუნების შემთხვევაშიც კი, 1 კალენდარული დღის ოდენობით დაფიქსირდება. „თურქეთის „უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის შესახებ“ #6458 კანონის 11-ე მუხლის თანახმად, „ვიზით ან უვიზო რეჟიმით უზრუნველყოფილი თურქეთში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს 180 დღის განმავლობაში„ 19 მუხლის თანახმად კი “თურქეთში ვიზით ან უვიზოდ ნებადართულ ვადაზე ან 90 დღეზე მეტი ხნით ყოფნის საჭიროების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის აღება სავალდებულოა“. ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლის ბაზაში არ დაფიქსირება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, რომლებიც ყოველდღიურად ახორციელებენ ქვეყანაში შესვლა-გამოსვლას, ბინადრობის ნებართვის გარეშე 365 დღის განმავლობაში თურქეთში ყოფნა, შესაძლოა, გახდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი. აღნიშნულის ფარგლებში, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ იმავე დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში დაფიქსირებული იქნება 1 დღის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება თურქთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთში ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ (180 დღის განმავლობაში 90 დღე), შესაბამისი ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყანაში დარჩენის უფლების გახანგრძლივება“, – ნათქვამია საინფორმაციო ბარათში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქებში მუშაობენ და საზღვარს ყოველდღიურად კვეთდნენ, ერთი დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში არ უფიქსირდებოდათ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები