“ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იყო, არის და იქნება ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა”-კახა კალაძე

“ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იყო, არის და იქნება ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა”-კახა კალაძე

თბილისის ახლადარჩეული მერის კახა კალაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში შეიძლება რაღაცეები გაიწელა და განხორციელების პროცესშია, თუმცა მმართველ გუნდს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ამის შესახებ კალაძემ მარტვილში მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იყო, არის და იქნება ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა. ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა პროექტი და ჩატარებული რეფორმები მხოლოდ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას უკავშირდება. შეიძლება რაღაცეები გაიწელა, შეიძლება რაღაცეები განხორციელების პროცესშია, თუმცა არასდროს მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, არავისთვის არაფერი წაგვირთმევია. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ნოტარიუსები ბიზნესმენებს იბარდებდნენ და ქონებას ართმევდნენ. ჩვენ საბედნიეროდ არჩევნების გზით ყველამ ერთად ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ. ვერასოდეს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს. ნამდვილად მეამაყება და ჩვენი გუნდის მიღწევაა ის, რომ ყველა ადამიანს შეუძლია საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში აწარმოოს და მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნოს,”-განაცხადა კალაძემ.

მარტვილის მერობის კანდიდატის ალექსანდრე გრიგალავას მხარდამჭერი შეხვედრა დღეს კულტურის სახლში გაიმართა. შეხვედრაზე შეკრებილ მხარდამჭერებს გრიგალავასთან ერთად სიტყვით თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიმართეს და მოსახლეობას აქტიურობისკენ და კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

ალექსანდრე გრიგალავას პირველ ტურში ამომრჩევლების 49,76 პროცენტმა დაუჭირა მხარი, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს 35,81 პროცენტმა. „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, მისი კანდიდატები თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 6 თვითმმართველ ქალაქსა და თემში 12 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება: ქუთაისში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთში, ყაზბეგში და მარტვილში.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები