“ჩვენი არჩევანი, გავხდეთ ევროპული და დასავლური ოჯახის წევრი, არის ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი”

“ჩვენი არჩევანი, გავხდეთ ევროპული და დასავლური ოჯახის წევრი, არის ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი”

„ჩვენ უნდა მოვამზადოთ საქართველო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტები წევრობისთვის და როცა წევრობის შესახებ გადაწყვეტილება მომწიფდება, საქართველო მზად უნდა იყოს, შეუერთდეს როგორც ნატოს, ისე – ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაკკეინის ინსტიტუტის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
Financial Time-ის მთავარი რედაქტორის ედვარდ ლუსის მიერ დასმულ კითხვას, დაადასტურა თუ არა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტისას მასთან საუბარში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისადმი გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა, პრემიერმა უპასუხა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისა და ნატოს წევრობასთან დაკავშირებით.
„ყოველივე ეს ასევე დამოკიდებულია გეოპოლიტიკურ სიტუაციასა და სტატუს ქვოზე. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საქართველო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტები წევრობისთვის. როცა წევრობის შესახებ გადაწყვეტილება მომწიფდება, საქართველო მზად უნდა იყოს, შეუერთდეს როგორც ნატოს, ისე – ევროკავშირს. ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებულნი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ტრანსფორმაციის პროცესი – ევროპულ დემოკრატიად და ეკონომიკად ტრანსფორმაცია. სიღარიბე არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. მოსახლეობის 20% სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს. ჩვენს პოლიტიკაში დასახულია ეტაპობრივი მიზნები, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ჩვენი საგარეო პოლიტიკის მისწრაფებებთან. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენი დასავლელი პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს და ჩვენ უკვე გავხდით რეგიონში გამორჩეული ქვეყანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. ჩვენი არჩევანი, გავხდეთ ევროპული და დასავლური ოჯახის წევრი, არის ცივილიზაციური, ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. საქართველო არის ევროპის განუყოფელი, ბუნებრივი ნაწილი – ჩვენი ისტორია, კულტურა, ღირებულებები და ინსტიტუტებისა და დემოკრატიის მშენებლობისადმი ერთგულება ბუნებით ევროპულია. აქ არ არის საუბარი გეოპოლიტიკაზე – სწორედ ეს არის ჩემი არგუმენტი ამ საკითხზე საუბრისას, როცა გვეკითხებიან, არის თუ არა ეს არჩევანი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური. არა! ჩვენ, ჩემს თაობას, ან, თუნდაც, ჩვენს უშუალო წინამორბედებს არ გადაუწყვეტიათ უცებ ევროპული ცივილიზაციის წევრად ქცევა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მისი ნაწილი. ასე რომ, ჩვენი წევრობა სრულიად დამსახურებულია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები