ჩვენ თვალს მივადევნებთ, რომ ხანძართან დაკავშირებით ექსპერტული შეფასებები და გამოძიება ჩატარდეს-არჩილ თალაკვაძე

ჩვენ თვალს მივადევნებთ, რომ ხანძართან დაკავშირებით ექსპერტული შეფასებები და გამოძიება ჩატარდეს-არჩილ თალაკვაძე

ჩვენ თვალს მივადევნებთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტული შეფასებები და გამოძიება ჩატარდეს დროულად, რათა საზოგადოების კითხვებს პასუხი გაეცეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თბილისში, სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” მომხდარ ხანძართან დაკავშირებით განაცხადა.

“ძალიან სამწუხარო ფაქტია. მინდა პირველ რიგში, სოლიდარობა გამოვუცხადო მოვაჭრეებს, რომლებისთვისაც, შესაძლოა, ხანძრის შედეგად განადგურებული სავაჭრო ფართები არის შემოსავლის ერთადერთი წყარო. ჩვენ თვალს მივადევნებთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტული შეფასებები და გამოძიება ჩატარდეს დროულად, რათა საზოგადოების კითხვებს პასუხი გაეცეს. რაც წინა ხანძრების ანალიზით იკვეთება, ეს არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც მოკლე დროში უნდა მიექცეს ყურადღება. პირველი ეს არის ასეთი სავაჭრო ობიექტების დაზღვევის საკითხი. მეორე – ანტისახანძრო უსაფრთხოების სისტემები, რომელიც აუცილებელია, რომ სავაჭრო სივრცეებში გახდეს სავალდებულო. რამდენადაც ცნობილია, მთავრობა მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით და მას აქვს პარლამენტის სრული მხარდაჭერა, რომ ეს ორი საკითხი, რაც მომავალში დააზღვევს ბევრ მსგავს ობიექტს, იქნება დროულად გადაჭრილი”, – განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ხანძრებზე გამოძიების გაჭიანურებას, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის, რომ რომელიმე ხანძრის დროს კონკრეტული ბრალეული პირი არ გამოიკვეთა, ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება არ ჩატარებულა.

“გამოძიების საგანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ბრალეული პირის გამოკვეთა, არამედ მიზეზების დადგენაც, თუ რატომ მოხდა და გაჩნდა ხანძარი. შესაბამისად, წინა გამოძიებების ფარგლებში რამდენიმე შემთხვევაში ეს მიზეზები დადგენილია. ჩემთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია იმ შეკითხვებს, რომლებიც მოვაჭრეებს აქვს, გაეცეს დროული და ობიექტური პასუხები გამოძიების მიერ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები