“ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ რომ ამ პროცესში არ იყოს პოლიტიკური ჩარევა, არც ოპოზიციის და არც სხვა ჯგუფების მხრიდან”

“ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ რომ ამ პროცესში არ იყოს პოლიტიკური ჩარევა, არც ოპოზიციის და არც სხვა ჯგუფების მხრიდან”

ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯის საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, დავით გარეჯის საკითხი ხელისუფლებისთვის ეროვნული მნიშვნელობისაა.

„ჩვენი, როგორც ხელისუფლების დამოკიდებულება აქ არის ზუსტად ის, რომ დავით გარეჯს ვხედავთ, როგორც ეროვნული მნიშვნელობის საკითხს, ის ყოველგვარი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმაა და ამას ვერავითარ შემთხვევაში პარტიულ დღის წესრიგში არ და ვერ განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენ, როგორც ხელისუფლება ვთვლით, რომ დავით გარეჯის საკითხი აერთიანებს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელია რომ კონსტიტუციის, კანონმდებლობის ფარგლებში, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა იყოს დაცული და გავარკვიოთ ის სადავო საკითხები ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან და პარტნიორთან-აზერბაიჯანთან. თუ ამას დაეხმარება ავთენტური რუკები, რომელიც ამ ბოლო პერიოდში იყო მოწოდებული, ჩვენ ამას აუცილებლად გამოვიყენებთ მოლაპარაკების შემდეგ ეტაპზე. ამ მომენტში ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ სასაზღვრო ხაზების შეთანხმება ისე, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული დავა მოგვარდეს და აღმოიფხვრას ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ არ ყოფილა არც ერთი მონაკვეთი, არც ერთი დღე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საქმიანობის, როდესაც დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა პრიორიტეტული არ იყო.

ჩვენ ამას ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით და ეს მომავალშიც ასე იქნება, ვიდრე არ დარეგულირდება მშვიდობიანად და მეგობრულად ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანთან, ამის შესაძლებლობა იმედი მაქვს, იქნება ახალი გარემოებებით. შემდეგ მოლაპარაკებებზე ამ გარემოებებს დავაყენებთ კომისიის სხდომებზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, კითხვაზე მიაწოდა თუ არა დავით ხიდაშელმა გამოძიებას სწორი ინფორმაცია, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში ხელისუფლება ვერ ჩაერევა.

„გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი. მე ვარ პოლიტიკური ორგანოს წარმომადგენელი და პოლიტიკური ჩარევა და შეფასებები ამ პროცესში, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ რომ ამ პროცესში არ იყოს პოლიტიკური ჩარევა – არც ოპოზიციის და არც სხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ სამართლებრივი, გამჭვირვალე და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები