ჩვენ მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო-გიორგი კვირიკაშვილი

ჩვენ მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო-გიორგი კვირიკაშვილი

შეიძლება კონსტიტუცია არ იყოს იდეალური, მაგრამ ოპოზიციის მიმართ პატივისცემის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი, პარტიების ნაწილი მუშაობას იმაზე აგებს, რომ რაც არ უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკრიტიკოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალთან დაკავშირებით დისკუსიას ეხება.

”ჩვენ მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. ყველაზე დიდი კომპრომისი ეხება პარლამენტის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამაზე უმრავლესობის შიგნით გვქონდა ცხარე დისკუსია. სხვათაშორის, ჩვენი უმრავლესობა შედგება ხუთი სხვადასხვა პარტიისგან, ანუ მხოლოდ ერთი პარტია “ქართული ოცნება” არ არის. კიდევ ერთი კომპრომისი 2020 წლის არჩევნებისთვის შევამცირეთ 5 %-იანი ბარიერი, დავთანხმდით პირდაპირი წესით კიდევ ერთი არჩევნების ჩატარებაზე, რათა შემოვიღოთ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა და ამავე დროს გადავიდეთ პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე. კიდევ ერთი კომპრომისი – ე.წ. ბონუსების სისტემის შეცვლა, რათა პარლამენტში მანდატების მაქსიმალური რაოდენობა შემოიფარგლოს 89 ადგილით. გარდა ამისა, თუ მმართველო პარტია ვერ მიიღებს 76 მანდატს, ჩვენ არ მოგვენიჭება ე.წ. ბონუსები. თავად ბონუსი კი შემოიფარგლება იმ ხმების 35 პროცენტით, რომლებსაც ჩვენ მივიღებთ.
ეფექტიანი მმართველობა – არც ეს იყო იოლი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრისთვის, რომ დათანხმებულიყო პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურების ოპტიმიზაციასა და გამარტივებაზე. დღეს, ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადაყენება ძალიან მარტივი პროცესია – და მე დავთანხმდი ამაზე. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე ეს თითქმის შეუძლებელია, რადგანაც ამ თანამდებობას ამზადებდნენ ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელიც სწორედ ამ პოზიციის დაკავებას გეგმავდა. ეფექტიანი მმართველობა ასევე გულისხმობს პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების ბევრად უფრო მაღალ ხარისხს. ესეც გათვალისწინებულია ახალ კონსტიტუციაში.

დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა – 13 მოსამართლის ნაცვლად, დღეს ჩვენ გვყავს 28, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა სრულიად განსხვავებულია ისევე, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესი. უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, წარადგინოს მოსამართლეები, რაც ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

ორიოდე სიტყვით ადამიანის უფლებათა და, ზოგადად, მრავალფეროვნების მხარდაჭერის შესახებ – ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, გენდერული თანასწორობა, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, მეწარმეობის თავისუფლება და ეფექტიანი მმართველობა – ყოველივე ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციაში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გარდამავალ დებულებებში ჩვენ დავამატეთ ევროატლანტიკური მისწრაფებები, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება.

ვიმეორებ, კონსტიტუცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შეიძლება ოპოზიციისთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ შევხედოთ ოპოზიციას. ცალკეული პიროვნებებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი გულისხმობს ამ მთავრობის მიერ წამოყენებული ყველა შეთავაზებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ეს არის ის სავალალო რეალობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ, თვალი გავუსწოროთ ამ სავალალო რეალობას, და გვჭირდება ამ კონსტიტუციის მუდმივი მხარდაჭერა/პოპულარიზაცია, რადგანაც არის საშიშროება, რომ უსასრულოდ გავაგრძელოთ ცხოვრება მოქმედი კონსტიტუციის პირობებში.

თავად ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ გვყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის საზოგადოების პასუხი იმ ავტორიტარულ მმართველობაზე, რომელიც საქართველოში არსებობდა ხუთი წლის წინ. 2012 წელს არჩეულმა პირველმა პარლამენტმა საკონსტიტუციო უმრავლესობით, სამწუხაროდ, ვერ შეძლო ახალი კონსტიტუციის მიღება. დღეს მოქმედ მეორე მოწვევის პარლამენტში ჩვენ ასევე გვყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა – ვიმეორებ, რომ ეს არის პასუხი წინა ადმინისტრაციაზე, რომელიც ჩვენ გვყავდა. სავარაუდოდ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ გვეყოლება საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა და, სამწუხაროდ, ჩვენ მივდივართ ძალისხმევის ფუჭად გაწევის რისკზე, რომელიც გამიზნულია იმ დოკუმენტის მიღებისკენ, რომელიც, ყველა საერთაშორისო ექსპერტის თანახმად, ვენეციის კომისიის ჩათვლით, არის დემოკრატიული კონსტიტუცია, რომელშიც გათვალისწინებულია ინსტიტუტებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა. ჩვენ მივდივართ არსებული კონსტიტუციით ცხოვრების გაგრძელების რისკზე.

რასაკვირველია, მე არავის დაშინებას არ ვცდილობ და ეს არ არის შანტაჟი ჩვენი მხრიდან. მე ზუსტად ვიცი, როგორი სიტუაციაა ჩვენს უმრავლესობაში და მე ვერ წავალ უმრავლესობის დანაწევრების რისკზე, რადგანაც ჩვენ გვჭირდება ეს უმრავლესობა, რათა განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმების დღის წესრიგი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები