“ჩვენ ბაკურიანში შემოვიტანთ ახალ სიცოცხლეს, ეს ინვესტიციები ნიშნავს საქართველოს მეტ ცნობადობას, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას”

“ჩვენ ბაკურიანში შემოვიტანთ ახალ სიცოცხლეს, ეს ინვესტიციები ნიშნავს საქართველოს მეტ ცნობადობას, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას”

“ეს ინვესტიციები და მსგავსი საერთაშორისო ტურნირები ნიშნავს დამატებით შემოსავალს ჩვენი მოსახლეობისთვის, დამატებით სამუშაო ადგილებს და, რაც მთავარია – საქართველოს მეტ ცნობადობას, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა, სადაც „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან” სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.
პრემიერის თქმით, მთავრობამ აიღო ვალდებულება და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას განავითარებს.
„დღეს უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს მოეწერა ხელი. მე მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი წარმატება. ჩვენ 2023 წელს ვუმასპინძლებთ მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში. ეს არის უდიდესი აღიარება, დიდი ნდობა და მხარდაჭერ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ამასთან ერთად, ეს არის ერთმნიშვნელოვანი აღიარება, რომ ის სტრატეგია, რაც ჩვენ გვაქვს მთის კურორტების განვითარების თვალსაზრისით, არის ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული. დღევანდელი კონტრაქტი ითვალისწინებს, რომ, ამ ინდუსტრიაში წამყვანი კომპანია „დოპელმაიერი” ამ ულამაზეს ადგილზე ააშენებს სამ ახალ საბაგიროს. რამდენიმე თვეში დასრულდება ეს პროექტი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრის თქმით, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა შესაბამისი განაცხადი და საქართველოს აქვს ამბიცია, რომ უმასპინძლოს 2025 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიადას ზამთრის სახეობებში.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტურნირი, რაც კი ტარდება. აქედან გამომდინარე, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში, 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატი ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ჩვენ დავაგროვოთ გამოცდილება, შევქმნათ აუცილებელი ინფრასტრუქტურა და უკვე შემდეგ საქართველომ უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ამის რესურსი. ვფიქრობ, რომ რამდენიმე თვეში, როდესაც დასრულდება აღნიშნული პროექტი, ჩვენ ბაკურიანში შემოვიტანთ ახალ სიცოცხლეს. ჩვენ სამწუხაროდ, გვაკლია მსგავსი ინფრასტრუქტურა, რაც გარკვეულწილად, იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვმასპინძლობთ იმ რაოდენობის ტურისტებს ზამთრის პერიოდში, რომელსაც თეორიულად შეიძლება ვუმასპინძლოთ. ეს ამავე დროს, წაახალისებს ინვესტიციებს, როგორც ბორჯომში, ასევე ბაკურიანში. ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენ ამავე დროს, მოვიპოვებთ მასპინძლობის სტატუსს და 2025 წელს ბორჯომი და ბაკურიანი უმასპინძლებს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადასაც”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები