„ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა არ შედის ეროვნულ კალენდარში”-პაატა იმნაძე

„ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა არ შედის ეროვნულ კალენდარში”-პაატა იმნაძე

„ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა არ შედის ეროვნულ კალენდარში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს რეკომენდაცია, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა იყოს აცრების ეროვნულ კალენდარში შეტანილი და ეს მომავლის საკითხია.
ამასთან, პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი რეკომენდაციის შემთხვევაში, საკითხზე მუშაობა დაიწყოს.
მისივე თქმით, საქართველოში ჩუტყვავილა ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადება, თუმცა ის ძირითად შემთხვევაში გართულებების გარეშე მიმდინარეობს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების გათვალისწინებით, არათუ საქართველოში არ შედის, არამედ დასავლეთ ევროპის აბსოლუტურ უმრავლესობა ქვეყნებში. ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს არის სავალდებულო აცრებში, ეს არის აშშ-ში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს ასეთი რეკომენდაცია, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა აცრების ეროვნულ კალენდარში შევიტანოთ მომავლის საკითხია. ეს განიხილება მომავალში, რამდენად შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინის ქვეყანაში დანერგვა. საქართველოში წელიწადში ჩვეულებრივად არის 8-10 000 შემთხვევა ჩუტყვავილასი. ეს არის ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული ბავშვთა ინფექციური დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს, არავითარ გართულებას არ იწვევს”, – განმარტა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილას აცრა, გეგმიური აცრების ჩამონათვალში არ შედის, თუმცა მსურველს შეუძლია, რომ აცრა გაიკეთოს.
პაატა იმნაძის თქმით, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრას ეფექტი მაშინ აქვს, თუ ის ორჯერ გაკეთდება.
“ჩვენთან კალენდარში არ არის მაგრამ კომერციულ სექტორში ვაქცინის შეძენა შესაძლებელია. მსურველს შეუძლია აიცრას. ჩუტყვავილას აცრას ეფექტი მაშინ აქვს, თუ ორჯერ აიცრება ბავშვი. საერთოს არ დაემართება ჩუტყვავილა. აცრების დანერგვას აქვს მეორე პრობლემა მარტო ბავშვებში აცრების დანერგვა არ არის საკმარისი, მერე შეიძლება ჩუტყვავილამ გადაინაცვლოს მოზრდილებში და მოზრდილებში ჩუტყვავილა უფრო მძიმედ მიმდინარეობს”, – განაცხადა იმნაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები