“ჩემთვის ოქრუაშვილის არაერთხელ მოუყოლია ეს ამბავი, როგორ შეუკვეთა სააკაშვილმა პატარკაციშვილის მკვლელობა” – გოგა ხაინდრავა

“ჩემთვის ოქრუაშვილის არაერთხელ მოუყოლია ეს ამბავი, როგორ შეუკვეთა სააკაშვილმა პატარკაციშვილის მკვლელობა” – გოგა ხაინდრავა

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “იმედის” „ქრონიკის“ ეთერში, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობის საქმის გამოძიების დეტალებზე ილაპარაკა.

ხაინდრავას განცხადებით, მას არასდროს ეპარებოდა ეჭვი, რომ პატარკაციშვილი მოკლეს.

მისივე თქმით, ოქრუაშვილის არაერთხელ მოუყოლია მისთვის, როგორ შეუკვეთა სააკაშვილმა პატარკაციშვილის მკვლელობა.

მანამდე “ქრონიკის” ეთერში ამ საკითზე პროკურორმა ილაპარაკა. კითხვაზე, ხომ არ შეიძლება პროკურატურის ახალი გამოძიებით, პატარკაციშვილის საქმეს ახალი კვალიფიკაცია მიეცეს, პროკურორმა თქვა, რომ აუდიოჩანაწერები გამოძიების საბოლოო ვერსიასთან კავშირში არ არის.

ხაინდრავას თქმით, ქართული მხარე ვერ დაიწყებს გამოძიებას, რადგან მკვლელობა ინგლისში მოხდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის გამოძიებას ახალი სიცოცხლე მიეცა, საქართველოს პროკურატურა ვერ დაიწყებს გამოძიებას, რადგან მკვლელობა ინგლისში მოხდა. ფაქტი იქ უნდა დადასტურდეს. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ 2007 წელს ვიცოდით და ოქრუაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ყოფილ ხელისუფლებას პატარკაციშვილის მოკვლა სურდა“, -განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის დროს, ყოველდღიურ საქმიანობაში ხედავდა რას ლაპარაკობდნენ ერთმანეთში.

„მე მათთან 2 წელი და 8 თვე ვმუშაობდი. მე ყოველდღიურ საქმიანობაში ვუყურებდი ამათ, რას ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, როგორი გარემო ჰქონდათ შექმნილი. შემდეგ ყველამ მოვისმინეთ „მასტერა“, ეს ავადხსენებული როგორ უკვეთავს. ეს მე ფილმში მაქვს. 2012 წელს ფილმი მაქვს გაკეთებული მათი მთავრობის დროს, სადაც ეს ყველაფერია, სადაც უაის ახვადოვს უკვეთავს ბადრის მკვლელობას და ეუბნება – ისე უნდა გაკეთდეს, რომ დაბრალდეს რუსეთს და ჩვენზე არავინ არ გამოვიდესო. მერე ის კაცი თვითონ ყვება, რატომ გააკეთა, რატომ ჩაიწერა ეს ლაპარაკი, იმიტომ, რომ „აბაროტი“ მინდოდა ამეღო, ჩვენი ბიჭები მოკლესო სააკაშვილმა და იმათ. ეს ყველაფერი ხომ ვიცოდით“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავა დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან აღნიშნული ფაქტი დადასტურდება, რადგან ამ საქმის გამოძიებით ბრიტანეთია დაინტერესებული.

მისივე მტკიცებით, ამ საქმის შესრულების მეთოდი სააკაშვილის, ბიძამისის, ვაშაძის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი წარმომადგენლების ხელწერაა.

„ის ადამიანები, ვინ დღეს „ევროპულ საქართველოს“ ამოეფარენ, რუსულ ინტერესებს ატარებენ“, – აცხადებს ხაინდრავა.

17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა.

ერთი ჩანაწერის მიხედვით, გიორგი დგებუაძე პატარკაციშვილის დაცვის წევრთან ლაპარაკისას ზურაბ ჟვანიასაც ახსენებს. კაციტაძის თქმით, პროკურატურა ამ პირის გამოკითხვასაც გეგმავს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები