ჩემთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და ზოგადად მკვლელის შეწყალება – გიორგი გახარია

ჩემთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და ზოგადად მკვლელის შეწყალება – გიორგი გახარია

„ჩემთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და ზოგადად მკვლელის შეწყალება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა ამ მხრივ კანონში ცვლილება მოხდეს.

„შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, თუმცა ჩემთვის მიუღეელია პოლიციელის მკვლელის და ზოგადად მკვლელის შეწყალება. საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რომელიც პრეზიდენტმა გადადგა და გამოაცხადად მორატორიუმი. ეს უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად. საჭიროა რაღაც ფილტრები გაჩნდეს, რომ მკვლელობაში დამნაშვეები არ იყვნენ ასეთი ფორმით შეწყალებულები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი აღმოჩნდა.

ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე პოლიტიკურ წრეებში.

ოპოზიციამ ზურაბიშვილს კრიმინალების პრეზიდენტი უწოდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელი და პასუხგასაცემია მმართველი გუნდისთვისაც.

პოლიციელის მკვლელის შეწყალების გამო კრიტიკა არ დამცხრალა, როცა მორიგი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა.

16 სექტემბერს საზოგადოებამ შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი შეწყალებული პირის ვინაობა, გაირკვა, რომ შეწყალებულ პირს ციხეში არც ერთი დღე არ გაუტარებია და ის ძებნილია.

 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები