„ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია“-პრემიერი

„ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია“-პრემიერი

„ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებთან” შეხვედრისას, დეპუტატ ადა მარშანიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სწორედ ევროპული ყაიდის ქვეყანა არის ის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რაც აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების დაბრუნების საშუალებას მოგვცემს.

“სწორედ იმიტომ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება და ახალგაზრდობა, რადგან სწორედ განათლებული საქართველო და ისეთი ტიპის ეკონომიკა, როგორზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის ერთადერთი სწორი გზა და უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის. ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება. რაც შეეხება ჩემს კავშირს და ემოციურ დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ, მინდა გითხრათ, რომ ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს არის ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტი. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რა გამოწვევებისა და რეალობის წინაშე ვართ და რეალობას არ უნდა მოვწყდეთ, მაგრამ მე და ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც წარმოვადგენ, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სწორედ ევროპული ყაიდის ქვეყანა არის ის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, ევროპული ქვეყანა. რაც შეეხება ჩვენს აქტივობებს, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი აქტივობა გვმართებს, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც სწორედ ჩვენი მთავრობის ინიციატივით ხორციელდება. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოო პროგრამა, “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც საშუალებას მოვცემს, ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაეებს გავუზიაროთ ის სიკეთე, რაც ჩვენ მოგვცა ძალიან მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ხელშეკრულებებმა, თავისუფალმა ვაჭრობამ და ვიზალიბერალიზაციამ ევროპასთან. ეს პროგრამა ამავდროულად გულისხმობს ძალიან ბევრ ინიციატივას, რომელიც ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. აქტიურად ვმუშაობთ და იმედია, დროულად დაიწყება c ჰეპატიტიტის ელიმინაციის პროგრამა ჩვენი მოქალაქეებისთვის რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ კუთხით ბევრი სხვა პროგრამა შემიძლია დაგისახელოთ და სრულიად ვეთანხმები პათოსს, რომ დიახ, ეს გახლავთ მსოფლმხედველობითი საკითხი. ვინაიდან ეს გახლავთ მსოფლმხედველობრივი საკითხი, სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს გახლავთ ჩემი ცხოვრების პრიორიტეტი და ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის მთავარი ამოცანა, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი ქვეყანა, ისეთი ეკონომიკა, შევიძინოთ ისეთი კონკურენტუნარიანობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ქვეყანა გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ, ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებთან ერთად”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები