ჩემი შვილის თავდადებამ და თავგანწირვამ შედეგი უნდა გამოიღოს, სხვანაირად არ შეიძლება- არჩილ ტატუნაშვილის დედა

ჩემი შვილის თავდადებამ და თავგანწირვამ შედეგი უნდა გამოიღოს, სხვანაირად არ შეიძლება- არჩილ ტატუნაშვილის დედა

ჩემი შვილის თავდადებამ და თავგანწირვამ შედეგი უნდა გამოიღოს, სხვანაირად არ შეიძლება, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის დედამ რუსუდან ტატუნაშვილმა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ტატუნაშვილის დედამ აღნიშნა, ოჯახს მოლოდინი აქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დამნაშავეები დაისჯებიან.
„სარჩელი ჩვენთვის სიმართლის დადგენას ნიშნავს. მოლოდინიც გვაქვს, რომ შედეგს გამოიღებს ეს სარჩელი. იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს და დამნაშავეები დაისჯებიან. ის პირები, რომლებმაც უმოწყალოდ სცემეს და აწამეს ჩემი შვილი. აჩიკო სხვანაირად არ მოიქცეოდა. ისეთი პიროვნება იყო, რომ, რაც მათ უნდოდათ, იმას არ გააკეთებდა და არ აღიარებდა.მან თავისი სიცოცხლის ფასად დაიცვა მისი და ქვეყნის ღირსება. ეს დაამტკიცეს ექსპერტებმაც. ჩემი შვილის თავდადებამ და თავგანწირვამ შედეგი უნდა გამოიღოს, სხვანაიარად არ შეიძლება – ყველაზე ძვირფასი, რაც იყო, ის დათმო, სამშობლოს გამო დათმო სიცოცხლე. მსოფლიოს დაანახა პუტინის და რუსეთის სახე. ათი წელია, გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. ომი ვითომ დამთავრდა, მაგრამ ჩვენთვის ომი არ დასრულება. იმედი მაქვს, ახლა მაინც მოეღება ბოლო ოსების თავხედობას“, – განაცხადა ტატუნაშვილმა. ცენტრი „ემპათია“ საჩივარს „ტატუნაშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ ევროსასამართლოში გზავნის, საჩივარში მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, წამებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები