ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებშიპრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა.

ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებშიპრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვიდა. “უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის და ჩვენი დელეგაციისთვის დიდი პატივია აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილeს აღნიშვნა თქვენთან – საქართველოს მეგობრებთან – ერთად”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
პრემიერის თქმით, ეს ათი წელი “საოცარი მოგზაურობა” იყო. მისი განცხადებით, საქართველო ძალიან კარგი მაგალითია იმის, თუ როგორი ტრანსფორმაციული ძალა აქვს ევროკავშირს.
“ჩვენი ქვეყნის წარმატება თქვენი წარმატებაცაა. ეს ერთობლივი მიღწევაა. ჩვენთვის ეს არის ძირითადი მისწრაფება და ყოველთვის ვცდილობ ხაზი გავუსვა, რომ ჩემი ერისთვის ევროპული მისწრაფება ცივილიზაციური არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რადგან ჩვენი წარსული ევროპულია და ამიტომ მომავალიც ევროპულია. ეს მისწრაფება ძალიან ძვირი გვიჯდება პოლიტიკურად და ეკონომიკურად. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და ყოველთვის არსებობს ქართველი ხალხის მისწრაფებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. თუმცა, ჩვენი მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას – ამ არჩევანს – რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია. ეს 10 წელი საოცარი იყო ჩემი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა ბახტაძემ.
მისივე თქმით, გარდაქმნის პროცესი არ იყო იოლი და წლიდან წლამდე მიიწევდა საქართველო ყველა მიმართულებით: “ბიზნესის კეთების სიმარტივის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს დონეზე დაყენებით და ბევრი სხვა მიღწევით. ასოცირების შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად ისტორიული მიღწევებია ჩემი ქვეყნისთვის. თუმცა, გვაქვს ამ წარმატებაზე მეტის მიღწევის სურვილი. საქართველო მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ვფიქრობთ, მეტს ვიმსახურებთ. მეტი შესაძლებლობა გაგვაჩნია”, – განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ, ევროპელ კოლეგებს ორი თვის წინ „ევროკავშირისკენ საქართველოს გზამკვლევი“ წარუდგინა.
„პრინციპში, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გვქონდეს ევროპულ ინსტიტუტებში მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა. ძირითადად აქცენტი კეთდება დარგობრივ ინტეგრაციაზე, იქნება ეს საერთო ციფრული ბაზარი, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მეტი მობილურობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგალითად ცირკულარული მიგრაცია და ბევრი სხვა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ გამოწვევები არსებობს თავად ევროკავშირში, როდესაც საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მიდის, თუმცა მივიჩნევთ, რომ საქართველო მზადაა ბევრად მეტი გააკეთოს წინსვლის მხრივ. მიგვაჩნია, რომ ძალიან ხელშესახები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დარგობრივი ინტეგრაციის პროცესის დაწყება. 10 წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობა შესანიშნავი იდეა იყო. ვიტყოდი, რომ გაბედულიც იყო და შორს მომავალში ხედვას გულისხმობდა. ახლა სხვა დიადი იდეა გვჭირდება, რათა ყველა ერი დარწმუნდეს, რომ ხელშესახები სამიზნე ორიენტირი გააჩნიათ. რაც შეეხება საქართველოს, მიგვაჩნია, რომ შემდგომი ინტეგრაცია ერთადერთი სწორი არჩევანია და ასევე მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა საქართველოს წვლილზე, რადგან არ მინდა მომთხოვნის ტონალობაში ჟღერდეს ჩემი საუბარი. საქართველოსთან ერთად ევროპაც უფრო ძლიერია. ამ გზავნილის მიწოდებას ვცდილობთ წლებია. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელია მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და სისტემის შექმნა ევროკავშირში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ერთად ევროკავშირიც უფრო ძლიერი იქნება. ევროპული საწარმოები თავისუფლად შეძლებენ ჩვენს რეგიონში საქმიანობას . ეს მასშტაბი სცილდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ამიტომ დღევანდელ დღეს ჩემი გზავნილი ასეთია: ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება და ახლა უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს სხვა დიად იდეას მივცეთ დასაბამი – ისეთივეს, როგორიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა იყო 10 წლის წინ. ახლა უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და განსაკუთრებით ჩემი ერი მზადაა წინ დიდი ნაბიჯებით იაროს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.
საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით არის ჩასული, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება და შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტს ვაზილ ჰუდაკს.
მსგავსი სიახლეები

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, გავრცელებული ინფორმაციით პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესაძლოა გიორგი კვირიკაშვილმა დატოვოს.

მამუკა მდინარაძე: ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძეს დღეს უნდა დაესახელებინა ამ წერილის შინაარსი, ან უნდა წარმოედგინა თავად ეს განცხადება
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერის კიდევ ერთი მოადგილის კანდიდატურა წარადგინა. დღეიდან, თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას ილია ელოშვილი დაიკავებს.
