ბოლო 1 კვირის მანძილზე, „თი-ბი-სი“ დაზღვევაში 500-მდე აგრო სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 1 კვირის მანძილზე, „თი-ბი-სი“ დაზღვევაში 500-მდე აგრო სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო 1 კვირის მანძილზე, „თი-ბი-სი“ დაზღვევაში 500-მდე აგრო სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „თი-ბი-სი“ ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, სეტყვამ ფერმერების მოსავალი განსაკუთრებით მძიმედ შიდა ქართლის რეგიონში დააზიანა. კერძოდ, გორის 20-ზე მეტ სოფელში მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია.
„თი-ბი-სი“ დაზღვევამ მყისიერად დაიწყო ზარალის შეფასება და ამ დრომდე 200-მდე სადაზღვევო შემთხვევაა შესწავლილი და შეფასებული. აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილ სადაზღვევო შემთხვევებზე რეაგირებასაც. შედეგად, მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში ყველა შემოსული ზარალის განაცხადის შესწავლა დასრულდება და ფერმერები ზარალის ოდენობისა და ანაზღაურების პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ“, – აცხადებენ „თი-ბი-სი-ში“.
ამასთან, იმ სოფლებში, სადაც სტიქიამ გაანადგურა მოსავლის უდიდესი ნაწილი, მათ შორის, შინდისში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავში, ბებნისსა და მიმდებარე სოფლებში, „თი-ბი-სი“ დაზღვევამ დროებით შეზღუდა ახალი სადაზღვევო პოლისების გაცემა დღემდე დაუზღვეველ ნაკვეთებზე.
„ამჟამად, მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონის შესწავლა, რის შემდეგაც დადგინდება, თუ სად და რა ოდენობით არის შენარჩუნებული მოსავალი. ამის შემდეგ, „თი-ბი-სი“ დაზღვევა შეძლებს, სრულყოფილად განაახლოს ახალი სადაზღვევო პოლისების გაცემა იმ სოფლებში, სადაც მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაურჩა სტიქიას. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის, კახეთში, აგროდაზღვევის პოლისების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს დღესაც“, – ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„თი-ბი-სი“ დაზღვევა აგროდაზღვევის პროგრამას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს და ამ დრომდე „თი-ბი-სი“ დაზღვევაში 1 500-ზე მეტი ფერმერია დაზღვეული.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები