ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ “ქართუ“-ს დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ “ქართუ“-ს დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” დაფინანსებით, სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. დღეს ბაღმა ფუნქციონირება დაიწყო და პირველი აღსაზრდელები მიიღო.

ბაღის შენობა სრულად აღჭურვილია და ადაპტირებულია აღსაზრდელებისთვის, ეზოში მოეწყო სათამაშო სივრცე. აქამდე სოფელში არსებული ერთადერთი საბავშვო ბაღი გამგეობის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც არც საკმარისი სივრცე იყო და არც – შესაბამისი პირობები.

60 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ხობის მუნიციპალიტეტს ფონდმა “ქართუმ” მიმდინარე წლის ივნისში გადასცა.

რაც შეეხება სხვა პროექტებს სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსხურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით, განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაცია. ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით , ასევე მიმდინარეობს სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, შენდება სამრევლო სკოლა და პარკი.

მხოლოდ ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება.

საბავშვო ბაღის გახსნას სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – მალხაზ თორია, ფონდ ,,ქართუს,, პროექტების მენეჯერი გიგი – კობიაშვილი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ბერაია, ირაკლი ხახუბია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის 29 მარტს იმყოფებოდა, სადაც დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღისა და ეკლესიის აშენებას სწორედ მაშინ დაჰპირდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები