ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი გურიის წინაშე განსაკუთრებით დიდია

ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი გურიის წინაშე განსაკუთრებით დიდია

ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, ყოფილი ფეხბურთელისთვის, საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის, ლანჩხუთი განსაკუთრებით საყვარელი ადგილია, სადაც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საფუძველი ეყრებოდა საფეხბურთო გუნდს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძის წარდგენაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, მისთვის სასიხარულოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ყურადღება ექცევა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც კეთდება იმისთვის, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს, ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი გამოავლინონ და მოახმარონ ქვეყანას.

„ალბათ, არავისთვის არის უცხო, რომ წლების განმავლობაში არა მხოლოდ ლანჩხუთი, არამედ ეს უნიკალური, ისტორიული მხარე მთლიანად იყო მიტოვებული ხელისუფლების მიერ, თუმცა, 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. თამამად უნდა ითქვას, რომ რეგიონში და კონკრეტულად ლანჩხუთში განხორციელდა უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის განვითარებისკენ, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისა და საბოლოოდ, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის ხარისხის ზრდისკენ არის მიმართული. რა თქმა უნდა, ამ პროცესში, გურიის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომლის ღვაწლიც განსაკუთრებით დიდია გურიის წინაშე. მის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო უმსხვილესი პროექტები გურიის სავიზიტო ბარათად იქცა, რაც ტურიზმის განვითარების, ეკონომიკური სარგებლის მოზიდვის გზაზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და თითოეულ გურულს აძლევს საშუალებას, ამ ყველაფრისგან მიღებული სარგებელი საკუთარ თავსა და ოჯახზე იგრძნოს. წინ კიდევ უამრავი გამოწვევაა და არსებობს პრობლემები ლანჩხუთში, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი და არ მოგვერიდოს ამ პრობლემებზე საუბარი. ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ ეს პრობლემები მოაგვაროს, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები