ბიძინა ივანიშვილი: ერთი მიზნისთვის დღეს ისევ უნდა გავერთიანდეთ მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა

ბიძინა ივანიშვილი: ერთი მიზნისთვის დღეს ისევ უნდა გავერთიანდეთ მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა

ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება – ამის შესახებ აღნიშნულია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილში.
როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გაერთიანდნენ.
“ქვეყნის სტაბილურ წინსვლას რეალისტური და მკაფიო ამოცანები, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება. წინსვლა არ არის მყისიერი პროცესი. ის ითხოვს ხანგრძლივ სამოქალაქო მშვიდობას, რომელიც არ მიიღწევა ბარიკადების პირობებში. ამისთვის აუცილებელია ერთსულოვნება – სწორედ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ვიყავით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც არავინ კითხულობდა, თუ ვინ სად იდგა მანამდე, როცა ამპარტავნება და ეგოიზმი ვერ ერეოდა საერთო საქმეს, როცა საკუთარი თავი კი არ მოსწონდათ ეროვნულ მოძრაობაში, არამედ, პირიქით, ეროვნული მოძრაობა – საკუთარ თავში.
პოლიტიკა არის შესაძლებლის ხელოვნება, ანუ მხოლოდ ის, რაც რეალურად მიღწევად მიზანს ემსახურება, ხოლო ხალხისთვის პოლიტიკად შესაღება იმისა, რაც შესაძლებლის მიღმა დგას – უბრალოდ მავნებლობაა, რადგან არარეალური მიზნები ქმნიან ცრუ მოლოდინებს, მათი მიუღწევლობა კი შობს იმედგაცრუებასა და ნიჰილიზმს და ძალიან სწრაფად იწვევს ეროვნული ენერგიის სრულ გამოფიტვას. გამოცდილება გვასწავლის, რომ ასეთი სულსწრაფი მცდელობები, წინსვლისა და განვითარების ნაცვლად, უკუსვლას იწვევს, რასაც, როგორც წესი, შედეგად ქაოსი და დესტაბილიზაცია მოჰყვება ხოლმე.
მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური წარსულისა, დღეს მოქალაქეები ისევ ერთი მიზნისთვის უნდა გავერთიანდეთ.
ეს არ ნიშნავს მეხსიერების წაშლას, არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მიეტევოს ჩადენილი დანაშაული, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ეშმაკი ყოფს“ და განხეთქილებისკენ გვიბიძგებს! უნდა დასრულდეს პრინციპულობის ლოზუნგით საზოგადოების გახლეჩვა, თითის გაშვერა, ერთმანეთის დამუნათება და პოლიტიკური წარსულის მუდმივი შეხსენება. ყველგან, სადაც იქნება ემოციების გამარჯვება საღ აზრზე, განზე გადგომა და თანამოაზრეებთან დაპირისპირება, იქ იქნება ქაოსის ძალების დასაყრდენი, იქ იქნება 9 აპრილის იდეალების ღალატი.
წარსულში მიბრუნება დღეს სრულიად წარმოუდგენელია. წინ მხოლოდ რაციონალური პოლიტიკის, განვითარებისა და დემოკრატიის გზაა. ქართული სახელმწიფოს წინსვლის შეუქცევადობა მხოლოდ საერთო მიზნისთვის მთელი საზოგადოების დარაზმულობაზეა დამყარებული. 9 აპრილი მუდმივად გვახსენებს ამას!”, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები