ბიძინა ივანიშვილი – ჩემს ხალხს უჭირდა და არ ჩანდა ძალა, ვინც ამ მოძალადეებს მოერეოდა

ბიძინა ივანიშვილი – ჩემს ხალხს უჭირდა და არ ჩანდა ძალა, ვინც ამ მოძალადეებს მოერეოდა

დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური მთავრობა. გვყავს ძალიან ინოვაციური და კარგი პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება ჩემს თანამიმდევრობას არღვევს და კითხვებს აჩენს. მე ძალიან ვამაყობ იმით, თუ როგორ ვახერხებდი პროგნოზირებას ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ვიყავით ხელისუფლებაში მოსულები და ვიყავით ოპოზიციაში. ჩემ პირველ და მეორე განცხადებაში ჯერ კიდევ დავგეგმე პოლიტიკური მომავალი, თუ როგორ მოვიდოდით, როგორ დავამარცხებდით და როგორ წავიდოდი სამოქალაქო საზოგადოებაში. სამწუხაროდ, მომიწია თანამიმდევრობის დარღვევა და ჩემი პროგნოზი ვერ გამართლდა. მუდამ ვამტკიცებდი, რომ პოლიტიკა საჩემო არ იყო და არ მიყვარდა, მაგრამ მე მოვედი ჩემი სამშობლოს სიყვარულით, იმიტომ რომ ჩემს ხალხს უჭირდა და არ ჩანდა სხვა ძალა, ვინც ამ მოძალადეებს მოერეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით.

ჩემ მობრუნებას წინ უძღოდა ის, რომ გაჩნდა ისევ ხიფათი გუნდში დაშლის, რაც მე წინაზე განვაცხადე და ეფექტური მმართველობის, მაგრამ ეს იყო ერთი ნაწილი. შეიძლება მეორე ნაწილი ჩემი პოლიტიკაში მოსვლის იყოს ის, რომ მე მაქვს რესურსი და გამოცდილება იმისა, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესო ჩვენი გუნდის, „ქართული ოცნების“ მენეჯმენტი, უფრო ორგანიზებული და მიზანმიმართული გავხადო ის ჩემი გამოცდილების საფუძველზე და ტემპები უნდა გაიზარდოს.

მე ვფიქრობ, რომ მთავრობაში ცვლილებები უკვე მოხდა და დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური მთავრობა. გვყავს ძალიან ინოვაციური და კარგი პრემიერ-მინისტრი, ღირსეული, ასევე ღირსეული მინისტრები არიან სხვა დანარჩენი. პარლამენტშიც მაქსიმალურ მობილიზაციას გავაკეთებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები