ბეჭდური გამოცემა „ბიზნესის დრო“ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს

ბეჭდური გამოცემა „ბიზნესის დრო“ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს

ახალი ბეჭდური გამოცემა „ბიზნესის დრო“ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს.
საერთაშორისო სტანდარტების ჟურნალი „Bussiness time“ – “ბიზნესის დრო” ახალი ბეჭდური მედიაპლატფორმაა, რომელიც პრესის გამავრცელებელ ჯიხურებსა და სტენდებზე დღეს გამოჩნდა. ჟურნალის ყდაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია წარმოდგენილი, რაც უკვე თავისთავად აჩენს ინტერესს, თუ რა მიმართულებით მუშაობს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია და რას ემსახურება ახალი მედიაგამოცემა. მთავარი რედაქტორის, ეთო ურიდიას თქმით, იგი დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა ბეჭდური მედიის საგამომცემლო ბაზარს საქართველოსა და ევროპაში.
„კონტინგენტი ნამდვილად დიდია, თან საკმაოდ ხარისხიანიც, თუმცა ახლის დამკვიდრების საჭიროება ყოველთვის არის, მით უმეტეს, თუ ეს სასარგებლო წვლილს შეიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი მიზანია, თანამედროვე ინფორმაციული მიღწევების შესაბამისად ვაწარმოოთ საქმიანობა. ინფორმაციული სიზუსტე, ჟურნალისტური ეთიკა და პროფესიული რესურსი ის ბერკეტია, რაც მკითხველსა და რესპოდენტს შორის კომუნიკაციას აყალიბებს, ზრდის სანდოობას და მეოთხე ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, ღირსეულად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა“, – ამბობს რედაქტორი.
აქტუალური თემები, მიმდინარე და დასრულებული პროექტები, ახალი ინიციატივები, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიების საქმიანობა, სახელმწიფო მიღწევები, საგანმანათლებლო სისტემა, სიახლე პროდუქციულ ბაზარზე. ინვესტორების მხარდაჭერა და წარმოჩენა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა – ამ მიმართულების სტატიებია წარმოდგენილი ჟურნალში ძირითადად.
რაც შეეხება ყდაზე საქართველოს პრეზიდენტის განთავსებას (ინაუგურაციის ფოტო), მთავარი რედაქტორი შემდეგ განმარტებას გვაძლევს :
„ დამეთანხმებიან კოლეგები, რომ ხალხის არჩევანი და პირადი სიმპატიები იცვლება დროსა და თანამედროვე სამყაროს შესაძლებლობებთან ერთად. ჟურნალისტები კი მუდმივად ვაშუქებთ მათ საქმიანობას. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენზე, როგორც მივაწვდით ხალხს ამ ინფორმაციას, ისე შეიცვლება მათი განწყობები. ამიტომ ყველაზე მეტად მიკერძოებულობა და ვინმეს ზეგავლენის ქვეშ ყოფნა არ გვეპატიება. ფაქტი შევაფასოთ ფაქტად – ეს არის ჩვენი მოვალეობა. სალომე ზურაბიშვილი საქარველოს რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტია მთელ კავკასიაში. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ყველზე რეზონანსული და აქტუალური თემა სწორედ ეს გახლავთ ჩემთვის, როგორც რედაქტორისთვის, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.“
ჟურნალი „ბიზნესის დრო“ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას გეგმავს, რაც მოიაზრებს უცხოეთის მედიაგამოცემებთან თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლას, ჩართულობას მედიაპროექტებში.
შესაძლოა, ჟურნალის ფურცლებზე მალე ყველასთვის ცნობილი მსოფლიო ტელესახეები, მსახიობები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ვიხილოთ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები