“ბასიანთან” 3 პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

“ბასიანთან” 3 პირის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება

თბილისში, კლუბ „ბასიანთან“ სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს “ბასიანში” დიჯეისთან შეკამათება მოუვიდა, რის შემდეგაც დაცვამ ის შენობიდან გაიყვანა. ცოტა ხანში მამაკაცი დაბრუნდა და “ბასიანთან” სროლის შედეგად სამი პირი დაჭრა.

როგორც”კვირას” უწყებაში განუცხადეს 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბ “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს – 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს. და ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს”,- ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები