ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას წელიწადში 1 000 000 მგზავრის მომსახურება შეეძლება, გეგმის მიხედვით, მგზავრთა გადაყვანა 2018 წლიდან უნდა დაიწყოს. აზერბაიჯანულმა მხარემ აღნიშნული პროექტისთვის Stadler-ის ფირმის 30 ვაგონი იყიდა.
პირველი მატარებელი, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს 30 ოქტომბერს გაივლის. რკინიგზას, რომლის აშენებასაც 10 წელი დასჭირდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახსნიან. გახსნას ასევე დაესწრება ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერმინისტრი აბდულა არიპოვი.
საქართველოზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის 254-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის, აქედან 29 კილომეტრის მაგისტრალი სრულიად ახალია. ახალ რკინიგზას ექნება პოტენციალი წელიწადში 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანოს და პირველ ეტაპზე 6.5 მილიონი ტვირთი გაატაროს. საბოლოოდ, რკინიგზის გამტარუნარიანობის 15 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება. რკინიგზა ექსპლოატაციაში 2018 წელს შევა.
რკინიგზას აზერბაიჯან-ყაზახეთს შორის არსებული საბორნე ხაზით ჩინური ტვირთების ევროპაში ტრანსპორტირება 15 დღეში შეეძლება.
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი – 2008 წელს. იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასა და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.
საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაიარა. პროექტის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თურქეთის მხარეს რკინიგზის მშენებლობის დაბალი ტემპი გახდა.
საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები გასული 5 წლის განმავლობაში 40%-ზე მეტად შემცირდა. 2012 წელს საქართველოს რკინიგზამ 20 მილიონი ტონა ტვირთი გადაზიდა, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 11.9 მილიონ ტონას შეადგენდა. ახალი რკინიგზის გახსნა კი საქართველოს სატრანსპორტო მაგისტრალს განვითარების ახალ შესაძლებლობას მისცემს.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით მალტაზე იმყოფებოდნენ, რომლის ფარგლებშიც ოფიციალური შეხვედრები გაიმართა მალტის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს მალტის ევროპის საქმეთა და თანასწორობის მინისტრთან, ჰელენა დალისთან და ადამიანის უფლებებისა და ინტეგრაციის დირექტორატთან. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს მალტის მიერ განხორცილებულ რეფორმებზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ასევე, ქართულმა მხარემ შეხვედრა გამართა შრომის ტრიბუნალის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს მალტაზე მოქმედი შრომითი დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე გაიმართა, მთავარი პროკურატურის ოფისის, ჯანდაცვის სამინისტროს, თანასწორობის ხელშეწყობის ეროვნულ კომისრის და LGBTIQ მოძრაობის წარმომადგენლებთან. სამუშაო ვიზიტის მიზანს თანასწორობის საკითხებში მალტის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა, რომელიც ევროპაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და LGBTIQ პირების უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა. აღნიშნული ვიზიტი ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის” ფარგლებში გაიმართა. სამწლიანი პროგრამა ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.
