ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა-პრემიერი

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა-პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა. მისივე თქმით, საინჟინრო გადაწყვეტილების მიხედვით, შემაერთებელი სადგური საქართველოში ახალქალაქში იქნება.
„ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენთვის და არსებობს სამ ქვეყანას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება, სადაც კონკრეტულად განსაზღვრულია პრინციპები, რომლითაც ხორციელდება ეს პროექტი. სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია და ჩვენ აუცილებლად დავამთავრებთ პროექტს იმ საინჟინრო გადაწყვეტილებით, რომელიც არსებობს. ამ საინჟინრო გადაწყვეტილების მიხედვით, შემაერთებელი სადგური არის სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქში.
​ანკარაში რა შეხვედრაც გაიმართა, ეს არის სრულიად სხვა რაკურსის შეხვედრა. როგორც ჩანს, სამ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხოლოდ ყველა ქვეყნის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი, მას შემოუერთდეს ნებისმიერი სხვა მოთამაშე. სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შემაერთებელი სადგური, სადაც მოხდება ე.წ. ევროპული სტანდარტის რკინიგზის შეერთება ჩვენი სტანდარტის რკინიგზასთან და ეს მოხდება სწორედ ახალქალაქში. არანაირი სხვა“, – განაცხადა ბახტაძემ.
ცნობისათვის, ანკარაში რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიების ხელმძღვანელებმა სამმხრივი მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიზანი ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტზე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლის უზრუნველყოფაა. რუსეთის რკინიგზამ ხელმოწერილ მემორანდუმთან დაკავშირებით ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა, რომლის სათაურია – „რუსული სარკინიგზო ლიანდაგი შესაძლოა, თურქეთამდე გაგრძელდეს“.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები