ბანგკოკში, გაეროს ESCAP-ის ფორუმს საქართველო თავმჯდომარეობს

ბანგკოკში, გაეროს ESCAP-ის ფორუმს საქართველო თავმჯდომარეობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის  თავმჯდომარეობით, ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში, აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP)  მე-5 ფორუმი გაიხსნა, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში რეგიონის ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში მდგრადი განვითარების ინდიკატორების დანერგვაზე გაამახვილა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას უკავშირდება. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფორუმში მონაწილე ქვეყნების მთავრობებს გარემოსდაცვითი კუთხით განხორციელებული რეფორმებისთვის  და  სამომავლო წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

აღნიშნულ ფორუმს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში, ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკასა და ბანგლადეშში არჩილ ძულიაშვილი ესწრებოდნენ.

ლევან დავითაშვილმა, ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ტაილანდის, სხვა მონაწილე ქვეყნებისა და გაეროს წარმომადგენლებთან.

ESCAP-ის შტაბბინაში სპეციალურად მოწყობილ პარტნიორების პავილიონში, საქართველოს სტენდზე, საქართველოს საგარეო უწყებამ განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ  პრეზენტაცია წარმოადგინა; გაიმართა ქართული ღვინისა და ტკბილეულის დეგუსტაცია.

ბანგკოკში, სადაც გაერო-ს აზიისა და ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის შტაბბინა მდებარეობს, კომისიის ორგანიზებით, გაერო-ს ახალი დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) დაკავშირებით, ყოველწლიური კონფერენცია და მაღალი დონის ფორუმი იმართება.

ფორუმი 2015-2030 წლებში გაერო-ს ახალი დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის რეგიონალურ კონსულტაციებს, ასევე, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას  ითვალისწინებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები