ავღანეთში დარჩენილი ქართველი: ბაზიდან აეროპორტამდე სამხედრო გაცილებას თურქები დაგვპირდნენ, აეროპორტიდან კი ქართული ბორტი გაგვიყვანს

ავღანეთში დარჩენილი ქართველი: ბაზიდან აეროპორტამდე სამხედრო გაცილებას თურქები დაგვპირდნენ, აეროპორტიდან კი ქართული ბორტი გაგვიყვანს

რადგანაც ბაზიდან აეროპორტამდე ჩვენ უიარაღოდ უნდა გავიდეთ, ამისთვის გვჭირდება სამხედრო გაცილება და ამას თურქები დაგვპირდნენ. დაიგეგმება კონკრეტულად ქართული ბორტი, რომელიც ჩვენ წაგვიყვანს, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას ავღანეთში მყოფმა ყოფილმა სამხედრომ, ლევან ჯანგირაშვილმა განაცხადა.

მან ავღანეთში ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ასევე, თქვა, თუ როგორაა შესაძლებელი იქ დარჩენილმა ქართველებმა ქვეყანა უსაფრთხოდ დატოვონ.

„პასუხისმგებლობა, ძალაუფლება სრულად თალიბანის ხელშია. ქალაქში არის მათი შესამოწმებელი პუნქტები. არანაირი აგრესიით არ გამოირჩევიან. აჩერებენ მანქანებს, ამოწმებენ და ყველას ეუბნებიან, რომ ისინი იქ არიან მათი უსაფრთხოების დასაცავად – ნუ გეშინიათ. ჩვენი ბაზის შესასვლელშიც ისინი დგანან, ბაზის უსაფრთხოებას იცავენ. თუმცა, ქალაქში ძალიან ბევრი შეიარაღებული პირი დადის, მაროდიორები და რა ვიცი! ყველას იარაღი უკავია. ანუ, ყველა თალიბანის წარმომადგენელი არ არის და აქედან გამომდინარე, დამცავი საშუალებების გარეშე გადაადგილება ძალიან სახიფათოა.

რადგანაც ბაზიდან აეროპორტამდე უიარაღოდ უნდა გავიდეთ, ამისთვის გვჭირდება ჩვენ სამხედრო გაცილება და ამას თურქები დაგვპირდნენ. დაიგეგმება კონკრეტულად ქართული ბორტი, რომელიც ჩვენ წაგვიყვანს. მთავარია, ჩვენ აეროპორტში შევიდეთ, რომელიც მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა. 22 კაცი ვართ დარჩენილი.

გუშინ, სანამ თალიბანი შემოვიდოდა, ქალაქში საშინელი ქაოსი იყო. არაფერი აღარ მუშაობდა. ხალხი გარბოდა. საშინელი საცობები იყო. ჩვენც მოვყევით იმ საცობში 6 საათი გარეთ ვიყავით. მოსახლეობა გარეთ არ გამოდის. შეშინებულია, რადგან როდესაც პირველად თალიბანი ხელისუფლებაში მოვიდა, სასტიკი მეთოდებით გამოირჩეოდნენ, თუმცა ახლა სამოქმედო გეგმა რადიკალურად შეცვლილი აქვთ“, – განაცხადა ყოფილმა სამხედრომ, ლევან ჯანგირაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები