აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი იყო და დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში

აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი იყო და დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში

“აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის ჯანდაცვის სტრატეგიული ობიექტი იყო და ამ კლინიკას ძალიან მდიდარი სამედიცინო ტრადიციები აქვს. ამ ეტაპამდე, ჩვენ შევძელით ის, რომ ძველ შენობაში მომუშავე კოლექტივს ახალი შენობა ავუშენეთ, მშენებლობა სულ მალე დასრულდება და სამედიცინო პერსონალი განახლებულ ინფრასტრუქტურაში გააგრძელებს მოღვაწეობას”,- განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

მინისტრმა ყურადღება აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმებზეც გაამახვილა. აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფო, ისევე, როგორც სხვა სამი კლინიკა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ესენია: თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, საჩხერის სამედიცინო ცენტრი, ზუგდიდის, სოფელ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა, დარჩებიან სახელმწიფო საკუთრებაში. სახელმწიფო გააკეთებს ინვესტიციას, რათა შეიქმნას სანიმუშო ეტალონური კლინიკების პროექტი, რომელსაც ექნება, როგორც საუნივერსიტეტო განათლების, ასევე, ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდების მძლავრი პოტენციალი. ეს იქნება ერთგვარი ხარისხის თამასა, რომელსაც დროთა განმავლობაში, გაუსწორდებიან სხვა კლინიკებიც. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ამ პროექტის განუყოფელი ნაწილია.

ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში მშენებლობის პროცესი სრულდება და ალბათ, მომავალი წლის გაზაფხულიდან, დაიწყება აღჭურვა. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, მინისტრის თქმით, აღნიშნული პროექტი აჭარის მთავრობასთან თანამშრომლობით ხორციელდება. კლინიკის მშენებლობა აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო აღჭურვის ნაწილი – ცენტრალური ბიუჯეტის პასუხისმგებლობა იქნება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები