არეშიძე დაკავებულ უკრაინელებზე: ისინი ჩამოყვანილები იყვნენ შესაბამისი მისიით, რომელიც მშვიდობიანი არ იყო

არეშიძე დაკავებულ უკრაინელებზე: ისინი ჩამოყვანილები იყვნენ შესაბამისი მისიით, რომელიც მშვიდობიანი არ იყო

ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ჩამოყვანილი იყო შესაბამისი მისიით. მისიის ხარისხი ჯერჯერობით დაუდგენელია, მაგრამ ეს რომ მშვიდობიანი მისია არ არის, ნამდვილია, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ საქართველოში დაკავებული უკრაინელების საქმეზე საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრეკსლუბში განაცხადა.
როგორც მამუკა არეშიძემ აღნიშნა, დაუჯერებელია ის ვერსია, რასაც საქართველოში დაკავებული უკრაინელები ყვებიან.
მისივე თქმით, არალოგიკურია, რომ ისინი საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდნენ.
„ვთქვათ, ჩაუდეს იარაღი, დანარჩენ შემთხვევაში, მათი არცერთი პასუხი არ არის ლოგიკური. უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია, სამხედრო მდგომარეობაა გამოცხადებული, რეზერვისტების მობილიზაცია მიმდინარეობს, 2 ქალაქი ბლოკადაშია. ამ დროს, წარმოიდგინეთ, ყოფილი სამხედროები, პატრიოტი სემენჩენკო, “რადას” დეპუტატი, უცებ ამ ყველაფერს ტოვებენ და საქართევლოში დასასვენებლად მორბიან, ტურისტულად, ეს არ არის ლოგიკური. მე არ მჯერა, რომ ისინი დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები და მგონი, არც არავის სჯერა. მით უმეტეს, ქართველი მონაწილე სახლში არ წავიდა, არც გააგებინა, რომ ჩამოვიდა, ამათთან ერთად წავიდა სასტუმროში. ეს ბევრ კითხვის ნიშნას აჩენს, რბილად როვ ვთქვათ, დაუჯერებელია, რასაც ისინი ყვებიან. გარდა ამისა, სემენჩენკოს აკრედიტაციაც ეჭვის საბაბი ხდება. ეს არ არის რეგისტრირებული ცესკოში, ასეთი ტიპის აკრედიტაცია ნებისმიერს შეუძლია გააკეთოს. რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი აქციებს, მეორე ტურს და ამ ყველაფერს?
ყველაზე უფრო მსუბუქი ვარიანტია, რომ ესენი არიან სემენჩენკოს დაცვის წევრები, მარტო სიარული ეშინია და ჩამოყვნენ დასაცავად, თუმცა, რთული სათქმელია, საქართველოში როგორ უნდა დაეცვათ არარეგისტრირებულ დაცვის წევრებს ?
მეორე ვარიანტია ის, რომ ისინი აქ ჩამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილის დაკვეთით. ჩვენ ვიცით მათი ურთიუერთობის ამბავი, განსაკუთრებით შარშანდელი, როცა მაიდანს აწყობდა სემენჩეკო, ასევე, როცა პოლონეთში დახვდა საზღავრზე და გადმოატარა.
ვფიქრობ, ეს ჯგუფი იყო ჩამოსული შესაბამისი მისიით. ყველაზე მსუბუქი ვარიანტია, რომ ისინი ინსტრუქტაჟისთვის იყვნენ ჩამოსულები, რადგან დიდი გამოცდილება აქვთ სამიტინგო, საბრძოლო მოქმედებებისა. ყველაზე უარესი – შესაძლებელია, მათ ჩაედინათ პროვოკაციული მოქმედება, გამოეწვიათ სამოქალაქო დაპირისპირება. ვიცით, ერთი რამ, მათი ჩამოსვლის მიზანი ის არ არის, რასაც ყვებიან. ვის აწყობდა არეულობა? – მიხეილ სააკაშვილი იმ ტიპის კატეგორიას განეკუთვნება, რომლისთვისაც ძალაუფლება მთავარია და უკან არაფერზე დაიხევს. მისი განცხადებები ამას მოწმობს. როცა მან მოუწოდა სამხედროებს და შსს-ს თანამშრომლებს დაუმორჩილებლობისკენ ეს ერთ-ერთი მანიშნებელი იყო იმისა, რომ ის უკან დამხევი არაფერზე იყო.  ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს ხალხი ჩამოყვანილი იყო შესაბამისი მისიით. მისიის ხარისხი ჯერჯერობით დაუდგენელია, მაგრამ ეს რომ მშვიდობიანი მისია არ არის ნამდვილია“, – განაცხადა არეშიძემ.

ცნობისთვის, როგორც „კვირამ“ გაარკვია, სემენჩენკო არჩევნებს არა როგორც „რადას“ წარმომადგენლის ან პოლიტიკოსის სტატუსით, არამედ როგორც მედიის წარმომადგენელი აკვირდებოდა. დეპუტატს “ცესკოდან” შესაბამისი აკრედიტაციაც ჰქონდა გავლილი.
სემენჩენკომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია, საინფორმაციო სააგენტო CYC.GE -ს სახელით გაიარა. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც დაუდასტურეს. „კვირამ“, ასევე, გაარკვია, რომ ახალი ამბების სააგენტო CYC.GE “გაერთიანებულ ოპოზიციაში” შემავალი “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” კომიტეტის წევრ გიორგი გოგოლაძეს ეკუთვნის.
ცნობისთვის, დაპატიმრებული პირები, უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქე შიმშილობენ. შსს ამბობს, რომ ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ნომრების ჩხრეკისას, ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა ამოიღეს.
გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალდებულთა დაცვის მხარე კი ირწმუნება, რომ საქმე ფაბრიკაციასთან გვაქვს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები