არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პროგრესი და გეგმები უკლებლივ ყველა პარტნიორთან სათანადოდ იქნება მიტანილი

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პროგრესი და გეგმები უკლებლივ ყველა პარტნიორთან სათანადოდ იქნება მიტანილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე საზოგადოებას ის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო, რაზეც პარლამენტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში იმუშავებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება.

“გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოლაპარაკებები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, არის მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება კერძო სექტორის განვითარებას, ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს და მათ საჭიროებებს. მათ შორის, გამოვყოფდი საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ეხება აკვაკულტურის წარმოებას – ეს უდავოდ ხელს შეუწყობს ბიზნესს. ჩვენ ვაპირებთ ვიმუშაოთ აგროტურიზმის სფეროში კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე, რათა კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ამ პოტენციალის გამოყენებას და ეკონომიკის განვითარებას. ვაპირებთ მუშაობას კონკურენციის შესახებ კანონმდებლობაზე, ვაპირებთ განვიხილოთ აზარტული თამაშების რეკლამასთან დაკავშირებული ცვლილებები, რათა უფრო ეფექტურად დავიცვათ მოზარდები – უმრავლესობას აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები მომზადებული და დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფსაც ინიცირებული აქვს საინტერესო ცვლილებები. ვფიქრობთ, რომ საგაზაფხულო სესიაზე ჩვენ შევძლებთ საჭირო და შედეგიანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. თვითმმართველობის კომიტეტს დაწყებული აქვს მუშაობა უსახლკარო თანამოქალაქეთა საცხოვრისებთან დაკავშირებულ თემაზე. ამ თემას ჩვენ ფუნდამენტურად შევისწავლით და გვექმნება ჩვენი შეთავაზებები. ასევე საგადასახადო კოდექსზე მიმდინარეობს მუშაობა და ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტის ინიცირება მოხდება”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების მიმართულებით. მისი განცხადებით, თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით, უკლებლივ ყველა მინისტრი იქნება ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მისი თქმით, ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებთან უკვე დაგეგმილია ოთხზე მეტი მაღალი დონის ვიზიტი, რომელთა განხორციელებაც მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

„ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მე მინდა მადლობა გადავუხადო ასევე ჩვენს კოლეგებს, რომლებმაც უკვე მიიღეს ევროპის საბჭოს ფორმატში მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში და სესიებში, ასევე იმუშავეს ევროპარლამენტთან. ასე რომ, ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიური იქნება პარლამენტი და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პროგრესი და გეგმები, რაც მთავარია, მომავალთან დაკავშირებული ხედვა იქნება უკლებლივ ყველა ჩვენს პარტნიორთან მიტანილი სათანადოდ”,-განაცხად არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თებერვლის ბოლომდე გაიმართება საინფორმაციო ღონისძიებები, სადაც პარლამენტი საზოგადოებას გააცნობს, თუ რა იქნება ის მთავარი ინიციატივები და პრიორიტეტები, რაზეც პარლამენტი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში იმუშავებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები