არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღევანდელი შეთანხმება არის მყარი საფუძველი, რომ საქართველო კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს

არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღევანდელი შეთანხმება არის მყარი საფუძველი, რომ საქართველო კიდევ ერთ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა და ამ შეთანხმების შემდეგ ყველამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო საკითხებზე დღეს ბოლო შეხვედრა გაიმართა.

„იყო სხვადასხვა ულტიმატუმები, მკვეთრი პოზიციები და შეუთანხმებლობა, მაგრამ დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა და ამ შეთანხმების შემდეგ ყველამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე და ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზებთ ახალ დემოკრატიულ არჩევნებს, რომელიც იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარდება ვიდრე ნებისმიერი წინა არჩევნები. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საარჩევნო საკითხებზე ეს იყო ბოლო შეხვედრა ამ ფორმატში თუმცა ჩვენი, როგორც ხელისუფლების სურვილია, რომ ეს ყველაფერი შენარჩუნდეს.

პოლიტიკური პატიმარი – ასეთი ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს, არსებობს ჩანაწერი რომ მართლმსაჯულება არ უნდა მოხდეს რომელიმე მხარის მიერ და არ უნდა იყოს პოლიტიკური მოტივებისთვის გამოყენებული. ჩვენ პირველ რიგში ჩვენს პასუხისმგელობას ამ მიმართულებით ბოლომდე შევასრულებთ კონკრეტული სახელებით და გვარებით ჩანაწერი ჩვენს შეთანხმებაში არ არსებობს. მოკლე დროში ამერიკის საელჩო გაავრცელებს განცხადებას და ტესტებს თუ რაზე მოხდა შეთანხმება,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები