არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციისთვის გიორგი გახარია არის მნიშვნელოვანი თავის ტკივილი

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციისთვის გიორგი გახარია არის მნიშვნელოვანი თავის ტკივილი

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში უკვე მივიდა. პარლამენტის დეუტატები გიორგი გახარიას „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში მოუსმენენ.
შს მინისტრს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სხდომის დაწყებამდე „მინისტრის საათის“ ფორმატის მნიშვნელობაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
„საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების შემდეგ სასესიო კვირა ისე არ გადის, რომ პარლამენტში მინისტრი არ იყოს წარმოდგენილი. ანგარიშვალდებულების აღნიშნული ფორმატი ძალიან აქტიურია. ჩვენი ინტერესი უკავშირდება დავით გარეჯს – რა გეგმაა ამ პრობლემის გადაჭრისა, რაც დიდი ხანია, არსებობს. ასევე, გვაინტერსებს, პანკისის მოსახლეობასთან კომუნიკაციის რა გეგმა აქვს მინისტრს, რადგან აზრთა სხვადასხვაობა დიალოგის გზით უნდა აღმოიფხვრას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ასევე, საინტერესოა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით დაგეგმილი აქტივობებიც.
„ოპოზიციას მცდელობა ექნება, საქმიანი პროცესიდან ყურადღება გადაიტანოს მათთვის საინტერესო პოლიტიკურ თემებზე და სცადონ მინისტრთან მეორე რაუნდში ქულების მოპოვება. ოპოზიციისთვის გიორგი გახარია არის მნიშვნელოვანი თავის ტკივილი, რაც წინა სხდომაზე გამოჩნდა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები