არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში იუნკერთა თავდადების მაგალითი გვაძლიერებს

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში იუნკერთა თავდადების მაგალითი გვაძლიერებს

საქართველოს პარლამენტში 1921 წლის 23 თებერვალს, კოჯორ-ტაბახმელასთან რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოში, ხარების სახელობის სამლოცველოში, დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუნკერთა მემორიალები გვირგვინით შეამკეს და ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დაღუპულ იუნკერთა გმირობისა და თავდადების შესახებ ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სამშობლო უპირველესია და საამაყოა, რომ საქართველოს ისტორიის ეს მძიმე ფურცელი სამშობლოსთვის თავდადებულმა მამულიშვილებმა დაწერეს.

„დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული დღეა, მაგრამ, ამავე დროს, გვეამაყება, რომ საქართველოს ისტორიის ეს მძიმე ფურცელი სამშობლოსთვის თავდადებულმა მამულიშვილებმა დაწერეს. 99 წელი გავიდა მას შემდეგ და ჩვენი ქვეყანა კვლავ იბრძვის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლებისთვის – ამ ბრძოლაში გვაძლიერებს იუნკერთა თავდადების მაგალითი, რომელთაც კოჯორსა და ტაბახმელაში თავი შეწირეს უთანასწორო ბრძოლას რუსეთის არმიასთან. ჩვენმა ქვეყანამ ბევრი განსაცდელი გამოიარა და დღესაც გამოწვევების წინაშე დგას. მხოლოდ უანგარო მსახურებით, თავდადებით, მხოლოდ იმის განცდით, რომ სამშობლო არის უპირველესი, შევძლებთ, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. მსურს, პატივი მივაგო ჩვენი გმირების ხსოვნას და ქედი მოვიხარო მათი შთამომავლების წინაშე”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამსწრეთ სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ.

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

იუნკერთა პირველი მსხვერპლი ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის (სობორო) – ახლანდელი პარლამენტის შენობის შიდა ეზოში დაკრძალეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები