არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად პატივს სცემს დასავლეთთან საერთო ღირებულებებს

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად პატივს სცემს დასავლეთთან საერთო ღირებულებებს

„ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად პატივს სცემს დასავლეთთან საერთო ღირებულებებს. ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, მედიის პლურალიზმი, დემოკრატიის გაძლიერება, საკანონმდებლო სფეროს გაუმჯობესება, უსაფრთხოება და ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის პატივისცემა. მე მიმაჩნია, რომ წინა ხელისუფლება იყო ანტიდასავლური, რადგან არღვევდა ყველა ღირებულებას, რაც დასავლეთისთვის ფასეულია”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
​პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლურ საინფორმაციო აქტივობებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის ის, რაც ზუსტად საპირისპიროა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისა.
“არცერთ კონგრესმენს არ დაუყენებია საკითხი სოციალურ ქსელზე, არც ბატონ კინზინგერს. სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის ხარისხი არის მაღალი, “ფესიბუკს” აქვს თავისი პოლიტიკა და წესები და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით, როდესაც ამ პოლიტიკის თანახმად დეზინფორმაციის გამავრცელებელი ანგარიშები იქნება გაუქმებული. მე შემიძლია მოგიყვანოთ კონკრეტული მაგალითები, როდესაც ოპოზიციასთან დაკავშირებული წყაროები ავრცელებენ დეზინფორმაციას, ეს ანგარიშები დღეს ფუნქციონირებს.
​მედიაში ეს ყველაფერი გაშუქდა ისე, თითქოს ხელისფულება მართავს ფეიკ ექაუნთებს, რეალობა არის ის, რომ დეზინფორმაცია არის პრობლემა “სოც.მედიაში” ყველგან. მე კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმე კავშირს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლურ საინფორმაციო აქტივობებთან, პირიქით ეს არის ჩვენთვის მიუღებელი და არის ბინძური ცილისწამება, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ხელისუფლება ანტიდასავლურ პროპაგანდას ახორციელებს, ეს არის ის, რაც ზუსტად საპირისპიროა ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკისა”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები