“არ მოგვისმენია, რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება სააკაშვილს… მათი ამოცანაა, გადაიყვანონ კლინიკაში და მერე გაათავისუფლონ“

“არ მოგვისმენია, რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება სააკაშვილს… მათი ამოცანაა, გადაიყვანონ კლინიკაში და მერე გაათავისუფლონ“

მიხეილ სააკაშვილს რა სამედიცინო სერვისი ვერ ჩაუტარდა, რის გამოც მისი პოლიტიკური მეგობრები იწუნებენ ამ მულტიპროფილურ კლინიკას და სხვაგან სურთ მისი გადაყვანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ მიუთითა გადაწყვეტილებაში, მოუწოდა მიხეილ სააკაშვილი, შეწყვიტოს შიმშილობა, ხოლო სახელმწიფოს ასევე სთხოვა ინფორმაცია, რამდენად არის ის მზად, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებით.

„დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მოულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია, ჩვენი ინფორმაციით, ყველა საბაზისო აპარატურით, შესაბამისი სამედიცინო პერსონალით, რომელიც მზად არის, როგორც მიმდინარე, ასევე კრიტიკული სიტუაციებისთვის ჯანმრთელობის სერვისების აღმოსაჩენად და დახმარებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო კითხვა, რომელიც ჩვენ დავსვით, დღესაც ეს კითხვა აქტუალურია, რა სამედიცინო ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ მისი პოლიტიკური მეგობრები ითხოვენ მის გადაყვანას სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში, რა არის ეს მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ჩარევა? დღემდე არც დაცვის მხარისგან, არც მისი პოლიტიკური თანამებრძოლებისგან არ მოგვისმენია, სამაგიეროდ, ადამიანებს, რომლებიც სხდომებს აცდენენ, წამოცდათ ერთ-ერთ მიტინგზე, რომ ჩვენი პოლიტიკური ამოცანაა, ჯერ გადავიყვანოთ სააკაშვილი კლინიკაში და მერე გავათავისუფლოთო, აი, ეს არის. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სამედიცინო საჭიროებები და პოლიტიკური ამოცანები, ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე, როდესაც მისი გუნდი, მის ჯანმრთელობას იყენებს პოლიტიკური ამოცანებისთვის. მეორე შეკითხვა არის, რა სამედიცინო სერვისი ვერ ჩაუტარდა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მისი პოლიტიკური მეგობრები იწუნებენ ამ მულტიპროფილურ კლინიკას და სხვაგან სურთ მისი გადაყვანა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები