ანზორ ქოქოლაძე “თიბისის” მენეჯმენტს დანაშაულებრივ სქემებში მონაწილეობაში ადანაშაულებს

ანზორ ქოქოლაძე “თიბისის” მენეჯმენტს დანაშაულებრივ სქემებში მონაწილეობაში ადანაშაულებს

,,ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ,,თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბანკის მიმართ კონკრეტული დანაშაულებრივი მტკიცებულებები არსებობს.

,,თიბისი ბანკი“ რომ შემჩნეულია უამრავ დანაშაულებრივ სქემებში, ეს ჩემთვის სიახლე არ არის. ჩვენ შემთხვევაში კონკტრეტული დანაშაულების ფაქტები და უტყუარი მტკიცებულებები არსებობს საქმეზე, რაშიც სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი თიბისის მენეჯერებს. რამდენად მიეცემა ამას მსვლელობა ვნახოთ. ამას უკვე 2010 წლის მერე ვიძახით. ახლა პროკურატურაში, ახალ დეპარტამენში გრძელდება გამოძიება და ვნახოთ, ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ადრე თუ გვიან მივაღწევთ შედეგს“, – განუცხადა M2B-ს ანზორ ქოქოლაძემ.

ანზორ ქოქოლაძე თიბისი ბანკის დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს მისი ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს. ქოქოლაძის განცხადებით, “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2009 წელს “ელიტ ელექტრონიქსის” დირექტორად “თიბისი ბანკის” თანამშრომელი დავით კენჭაძე დანიშნა, რომელმაც შეგნებულად დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა და ამის გამო “ელიტ ელექტრონიქსი” “თიბისი ბანკმა” დაისაკუთრა.

პროკურატურაში „თი-ბი-სი“ ბანკის ირგვლივ გამოძიება 2019 წლის 8 იანვარს დაიწყო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა „თი ბი სი ბანკიდან“ დოკუმენტაცია გამოითხოვეს. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ „თი-ბი-სი“ ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

„თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებულ გამოძიებაზე განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა.

“თიბისი ბანკი” ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე. ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები