ანრი ოხანაშვილი – მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური საფრთხობელაა

ანრი ოხანაშვილი – მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური საფრთხობელაა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საზღვრის საკითხის პოლიტიზირება არასახელმწიფოებრივი ქმედებაა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს „ქართული ოცნება“ სიფრთხილით ეკიდება.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, დავით გარეჯის საზღვრის საქმე ეროვნული ინტერესის სასარგებლოდ გადაწყდება და არც საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.

„დავით გარეჯის საკითხის პოლიტიზირება არასახელმწიფოებრივი საქციელი და პოზიციაა. „ქართული ოცნება” ამ თემას მაქსიმალური დიპლომატიით, სიფრთხილით ეკიდება და ეკიდებოდა. ეს საკითხი გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესისა და აზერბაიჯანთან მეგობრული, კეთილმეზობლური ურთიერთობის ფარგლებში. ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას ვერც ერთ შემთხვევაში, ვერავინ კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფს. რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს ვგულისხმობ. ისინი ამ საკითხის პოლიტიზირებით კიდევ ერთხელ ამყარებენ ეჭვებს, რომ თუ ახორციელებ ამ თემის ასეთ დონეზე პოლიტიზირებას, ე.ი. პოლიტიკურად რაღაც ძალიან დიდი დანაშაული გაქვს. ეს ადამიანები იმის წარმოჩენას ცდილობენ, რომ თითქოს, კონკრეტულ ბრალდებულებს ეფარებიან. სინამდვილეში, მათი ასეთი აჟიტირებით ჩნდება განცდა, რომ ისინი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ეფარებიან და ამით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ და საზოგადოებაში საფუძვლიან ეჭვებს აჩენენ, რომ მათ რაღაც თავისი ვიწროპარტიულის გადაფარვა სურთ. ამიტომ არიან თავდაცვის მდგომარეობაში. ეს არასახელმწიფოებრივი მიდგომაა. რაც არ უნდა სცადონ, ორ სახელმწიფოს შორის ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას, ჩვენს პარტნიორობას, ისტორიულ ურთიერთობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, დავით გარეჯის საქმეზე ვის მიუძღვის ბრალი და ვის- არა, ეს კანონმა უნდა განსაზღვროს და მოვლენებს წინ არ უნდა უსწრებდნენ.

„მიხეილ სააკაშვილი თავისთავად პოლიტიკური საფრთხობელაა და ამასთან დაკავშირებით დამატებით ხაზგასმა საჭირო არაა. აქ არის სახელმწიფოებრიობის საკითხი, როდესაც კანონმდებლობა ავალდებულებს კონკრეტულ ორგანოს, თუ აღმოჩნდება ახალი გარემოება, ამ გარემოების შესაბამისად მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ამიტომ, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის ვინმე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, ეს კანონის საქმეა, კანონმა უნდა განსაზღვროს, ვის მიუძღვის ბრალი, როგორ მიუძღვის და ეს უნდა გადაწყვიტოს საერთო სასამართლოების სისტემამ. შესაბამისად, მოვლენებს წინ ნუ უსწრებენ“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები