ანრი ოხანაშვილი – ადგილი აქვს ერთი სუბიექტის მიერ პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას

ანრი ოხანაშვილი – ადგილი აქვს ერთი სუბიექტის მიერ პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი პარლამენტში მამუკა ხაზარაძის მიერ, მუქარის წერილის არსებობის შესახებ, გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ოხანაშვილის თქმით, ამ ქვეყანაში აფერების დრო დასრულდა.

„სასაცილოა კომუნიკაციების საუკუნეში იმით აპელირება, თითქოსდა ასეთი უსტარის მეშვეობით ხდება ვიღაცის მიმართ ვითომდა მუქარა და ვითომდა შანტაჟი. ეს არის აბსურდი. ყოვლად მიუღებელია რაღაც პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნა იმის გამო, რომ, თუკი ვიღაცამ გაბედა და განახორციელა აფერა, რაც, რა თქმა უნდა, გამოძიების საგანია – აქედან გამომდინარე, ეს იღებს შოუს სცენარის სახეს.

 აფერების დრო დასრულდა ამ ქვეყანაში. სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ ყველა პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს სამართალწარმოების განხორციელება.

 კომუნიკაციების საუკუნეში ფარატინა ქაღალდზე დაყრდნობით თურმე ასეთი ფორმით წარდგენილ თითქოსდა შანტაჟზე უნდა გამოვიდეთ და ვამტკიცოთ, რომ ვიღაცამ გაბედა თურმე მუქარა და შანტაჟი.

 ეს არის აბსურდის თეატრი. შესაბამისად, ყველამ თავი დაანებოს პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას, პოლიტიკურ პროცესებში ამ პროცესების გადაყვანას, ითანამშრომლოს ყველამ, ვისაც აქვს სურვილი რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა და დადგინდეს ჭეშმარიტება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა არა ფარატინა ქაღალდის ფრიალით, არამედ სამართლადამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესის ნორმალურ ჭრილში ფუნქციონირება, პოლიტიკური პროცესისგან დაცლა.

 მე ვხედავ, რომ ადგილი აქვს ერთი სუბიექტის მიერ პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას, იმ შესაძლო აფერის გამო, რომელსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ამ საქმეში. ეს ასეა თუ არა, ამის გარკვევა სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები