ანა დოლიძის თქმით, მოსამართლეთა გამოცდები ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს

ანა დოლიძის თქმით, მოსამართლეთა გამოცდები ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის კომისიას შექმნის, საკითხი დღის წესრიგითაა გათვალისწინებული, თუმცა ანა დოლიძე ინიციატივის წარმოდგენას გეგმავს.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ გამჭვირვალობისთვის და სანდოობის გაზრდისთვის უმჯობესი იქნება მოსამართლეთა გამოცდები გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატაროს.

“იმისათვის რომ გამოვრიცხოთ ყველანაირი კითხვის ნიშანი და გაუგებრობა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ გამოვრიცხოთ ინტერესთა კონფლიქტის შესაძლებლობა საბჭოს მოსამართლეებსა და მსმენელებს შორის. უფრო უპრიანია, რომ გამოცდები მომავალში ჩაატაროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელსაც აქვს ამ მხრივ შეუბღალავი რეპუტაცია, რომელსაც აქვს მშვენიერი გამოცდილება არაერთი სახელმწიფო უწყებისთვის გამოცდების ჩატარების, ამ შემთხვევაში ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ გარეშე ძალიან მაღალი რეპუტაციის უწყება შეარჩევს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელებს და ჩვენ გამოვრიცხავთ ყველანაირ ეჭვს, ისეთ ეჭვს, რომელიც იყო წარსულში, რომ მსმენელები მიიღეს ან დაუმსახურებლად, ან გარკვეული გარიგებებით” – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საგამოცდო კომისიას გამოცდამდე ათი დღით ადრე აყალიბებს, საბჭოს წევრებს კომისიის წევრობის უფლება არ აქვთ, თუმცა ისინი ასახელებენ საკუთარ კანდიდატებს და შემდეგ საბჭო კენჭისყრით ირჩევს კომისიის წევრებს.

საგამოცდო ტესტებზე უშუალო წვდომა მხოლოდ კომისიის წევრებს აქვთ, ისინი გამოცდების დასრულების შემდეგ შედეგებს საბჭოს წევრებს წარუდგენენ. გამოცდების დასრულებამდე კომისიის წევრების ვინაობა გასაიდუმლოებულია.

დღეს საბჭოს მოსამართლე წევრებმა ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ შესაძლოა ის ორგანიზაციას საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე ანა დოლიძის აცილება რამდენიმე მოსამართლემ მოითხოვა.

მოსამართლეებმა აცილების გადაწყვეტილების მიზეზი განმარტეს. მათი შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სასამართლო სისტემისადმი და მოსამართლეებისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რაც მათთვის მიუღებელია.

8 იანვარს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები