ანა დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურაში დაგეგმილი ცვლილებები ფასადური არ იყოს.

ანა დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურაში დაგეგმილი ცვლილებები ფასადური არ იყოს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურაში დაგეგმილი ცვლილებები ფასადური არ იყოს. როგორც დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მათ შორის მნიშვნელოვანია პროკურატურამ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველადი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ახალი მთავარი პროკურორის დროს, იყოს გრძელვადიანი რეფორმისტული გეგმის ნაწილი. უნდა განხორციელდეს არა რაღაც ფასადური ცვლილება, რათა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ აი, ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ, არამედ ძირეული ცვლილება. ფასადურ ცვლილებაში ვგულისხმობ იმას, მაგალითად რაც ხდება სასამართლოში. სასამართლოში ვხედავთ, რომ გავლენიანი ჯგუფის ინტერესია პატარა-პატარა ცვლილებებით მაქსიმალურად შენარჩუნდეს და დაკონსერვდეს სტატუს-კვო, არ მოხდეს ცვლილებები და საზოგადოებას შიგადაშიგ გადავუგდოთ რაღაცა სიახლე. მე მინდა დავინახო განსხვავებული მიდგომა და ჩემი აზრით, მთავარი რეცეპტი ამის არის ძალიან კარგი და სიღრმისეული რეკომენდაციები ხორავას ქუჩის საგამოძიებო კომისიის. ამ კომისიას აქვს უამრავი რეკომენდაცია, რომელიც ეხება ინსტიტუციონალურ ცვლილებებს. ჩვენ მივიღეთ სისტემა, როდესაც დაზარალებული უფლებრივად ბევრად უფრო ნაკლებად ძლიერია“, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, მთავარი პროკურორის ცვლილების შემდეგ რეალური ცვლილებები არ განხორციელებულა.

„პროკურატურაში მთავარი პროკურორის ცვლილების შემდეგ ჩვენ მივიღეთ ჯერჯერობით მხოლოდ ბევრი საუბარი. ჩვენ ვნახეთ ძალიან ბევრი ლაპარაკი რეფორმებზე, მთელი პოლიტიკური სპექტრი აცხადებდა, რომ ელოდებოდა საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც უამრავი რეკომენდაციაა“, – აღნიშნა დოლიძემ.

გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმები, კანდიდატის წარდგენისა და არჩევის წესი არ იცვლება. პროკურატურის სისტემის რეფორმირების თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, აღნიშნული საკითხი უცვლელად ნარჩუნდება.

კანონის პროექტით შენარჩუნებულია კოლეგიური ორგანო – საპროკურორო საბჭო, რომელიც გენერალური პროკურორის კანდიდატურების შერჩევის პროცედურას ხელმძღვანელობს. ამასთან, კორექტირებულია საპროკურორო საბჭოს საქმიანობის მომწესრიგებელი რიგი დებულებები. კერძოდ, საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, საბჭოს წევრთაგან 2 წლის ვადით შერჩეული პირი იქნება. იუსტიციის მინისტრი, როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი არ იქნება იმპერატიულად განსაზღვრული და მას “იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული პირი“ ჩაანაცვლებს. პარლამენტისთვის წარსადგენი გენერალური პროკურორის კანდიდატურის დამტკიცების წესი და პროცედურული ნაწილი უცვლელად შენარჩუნდება და საპროკურორო საბჭოს შუამავლობითა და პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილებით განხორციელდება. საპროკურორო საბჭოს დებულებას იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, თავად საპროკურორო საბჭო დაამტკიცებს.

ცვლილებებით, საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის შერჩევის ვადა 1 თვიდან იზრდება 2 თვემდე.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები