ამირან სალუქვაძე – მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯში საერთოდ არ იყო ნამყოფი

ამირან სალუქვაძე – მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯში საერთოდ არ იყო ნამყოფი

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი დავით გარეჯში საერთოდ არ იყო ნამყოფი როგორც პრეზიდენტი, ან როგორც ტურისტი, – ასე უპასუხა ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს სტრატეგიული სიმაღლის აზერბაიჯანისთვის დათმობის პირობა და ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა მოხვედრილიყო ჩიჩხიტურის კოშკი, უდაბნოს მონასტერი, ან 70-მდე ქვაბული საქართველოს ტერიტორიაზე, რაზეც მიხეილ სააკაშვილი 2007 წელს გაკეთებულ განცხადებაში საუბრობს.

„ეს ჩემი ვარაუდია. არ ვიცი, მისი იქ ყოფნისშესახებ კადრები როდესმე თუ გავრცელებულა, როგორც მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა, მაგრამ მე არ მინახავს. როცა ამბობ, რომ მე ამ სიმაღლეს გადავცემ, ხომ უნდა წარმოიდგინო, ამის უკან რა არის?! ეს ხომ ფიზიკურად შეუძლებელია?! ეს არის უზარმაზარი კომპლექსი. ერთადერთი, არის ბერთუბანი, რომელზეც პრეტენზია არ გვქონია, მაგრამ ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ტერიტორიების გაცვლით ბერთუბანისსაკითხის გადაწყვეტაც შეიძლებოდა“, – განაცხადა სალუქვაძემ.

როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, აზერბაიჯანისთვის სტრატეგიული სიმაღლის გადაცემა ფიზიკურად შეუძლებელია ისე, რომ ეს სიწმინდეები არ გადასცე.

„თუ ამ სიწმინდეებს შორის ბილიკი გაივლება, აზერბაიჯანს ამ ბილიკს თავის სიმაღლიანადგადასცემ და როგორმე შემოხაზავ, თუ როგორ?! მე მგონი, იქ ესეც შეუძლებელია. იქ საფეხმავლო ბილიკსაც ვერ ამოიყვან, რადგან დავით გარეჯის ტერიტორიაში იჭრები. ანუ, ეს აბსურდია“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისი თქმით, სააკაშვილმა 2007 წლის განცხადებაში თქვა ტერმინი, რომ ეს სიმაღლე სამხედრო მნიშვნელობის არის შიდა უსაფრთხოებისთვის, ასეთი ტერმინი კი საერთოდ არ არსებობს და ის აბსურდულია.

„ანუ, რა გამოდის, ეს სიმაღლე აზერბაიჯანს თავის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხალხის წინააღმდეგ სჭირდებოდა?! ეს ტერმინი, რაც მან თქვა, აბსურდულია“, – განაცხადა სალუქვაძემ.

როგორც ექსპერტმა განაცხადა, ქართული მხარე საკითხს რომ კვალიფიციურად მიდგომოდა, შეიძლებოდა, ამ სიმაღლის ერთობლივი პატრულირება მომხდარიყო.

„თუ ასე თვლის აზერბაიჯანი, რომ სტრატეგიულ პარტნიორს არ ენდობა და ეს სიმაღლე სჭირდება, იქ ამ სიმაღლის ერთობლივი პატრულირება შეიძლებოდა. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და ეს ახლაც არის გამოსავალი. იქ ბუფერული ზონის შექმნაც შეიძლება, რომ დავუშვათ, ჩვენ შორის 15 კილომეტრის გასწვრივ სამხედრო შენაერთი არ უნდა იყოს. მეტიც, შეგიძლია, აიღო. თუ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ნავთობსადენს და ყველაფერს ერთად ვიცავთ, გასაყოფი რა გვაქვს ხომ?! მოკლედ, უამრავი გამოსავლის პოვნა შეიძლება. მე მესმის აზერბაიჯანის მხარის. მათ თავიანთი პოზიცია ბრწყინვალედ დაიცვეს და ჩვენც ასე უნდა გვემოქმედა“, – განაცხადა სალუქვაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები