ამირან გამყრელიძე: კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია

ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ამჟამად 14 ახალი ნიმუშია, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია.

„საქართველოში დღევანდელი დილის მონაცემებით, არის 171 შესაძლო შემთხვევა, რომელიც გამოკვლეული იქნა კლინიკურად და ლაბორატორიულად, საიდანაც სამია დადასტურებული, რომელიც მიმდინარეობს მსუბუქი კლინიკური სურათით. სამივე მათგანი მოთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში და იქ მიმდინარეობს მათზე მონიტორინგი და მკურნალობა. პარალელურად დღეს კარანტინულ იზოლაციაში 97 ადამიანია მოთავსებული და ზოგადად, სამედიცინო დაწესებულებებში წევს 40 შესაძლო შემთხვევა. დღეს დილას ლუგარში კიდევ შემოვიდა 14 ნიმუში, ორი ქუთაისიდან, ერთი გორიდან და დანარჩენი ინფექციურიდან, რომელთა პასუხები იქნება დღის მეორე ნახევარში.

ზოგადად, ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია. მოგეხსენებათ, გახანგრძლივდა სკოლის და უმაღლესი სასწავლებლების არდადეგები, მოწოდება გვქონდა, რომ დიდი თავშეყრის ღონისძიებებს მოვრიდებოდით, თეატრებმა და დიდი თავშეყრის ადგილებმა შეაჩერეს მუშაობა. მიმდინარეობს სასწავლო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების შესაბამისი ჰიგიენური დამუშავება. რეკომენდაციები რჩება კვლავ იგივე. ძირითადი რეკომენდაციაა, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, საერთოდ ავარიდოთ თავი მოგზაურობას, განსაკუთრებით მაღალდასენიანებულ ქვეყნებში. ესენია: სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ირანი და იტალია, თუმცა, მოგეხსენებათ ისიც, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში სერიოზულად მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები