ამირან გამყრელიძე – ჩვენს ქვეყანაში იწყება პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი

ამირან გამყრელიძე – ჩვენს ქვეყანაში იწყება პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი

ჩვენს ქვეყანაში იწყება პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ასტრაზენეკას“ ვაქცინის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესის სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენს ქვეყანაში იწყება პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი. მოგეხსენებათ, პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე და ამ პროცესის სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ამიტომ ყველას გთხოვთ, მედიას, რომ მაქსიმალურად დაუდგეთ ჩვენს ექიმებს გვერდში, რათა რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა აიცრას. წელს ჩვენი სამიზნე არის 60 პროცენტი.

დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია შემოვიდა, რომელიც ავტორიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს ავტორიზაცია ნიშნავს, რომ გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არის უმაღლესი თამასა ვაქცინის ხარისხისა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინის მეორე პარტია საქართველოში აპრილის მეორე ნახევარში შემოვა და მისი რაოდენობა 86 000 დოზა იქნება.

კოვაქსის“ საშუალებით პირველი პარტიაა 43 200 დოზა. მეორე პარტია, დაახლოებით 86 000 დოზა, შემოვა აპრილის მეორე ნახევარში. ამიტომ ჩვენი ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე აიცრება ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი – სამედიცინო მუშაკები, ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ვინც დღეს დასაქმებულია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ისინი არიან სწორედ კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მან სამედიცინო პერსონალს მოუწოდა, ორშაბათიდან ჩაერთონ ვაქცინაციაში და საზოგადოებას მაგალითი მისცენ.

„ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, რომ ორშაბათიდან, როდესაც ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი მთლიანად საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ, რაც კი კაცობრიობას მოუგონია 200 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას – კოვიდპანდემიას. ამიტომ გთხოვთ, რომ ყველა ვიყოთ სოლიდარული, მობილიზებული, რომ ეს პროცესი ქვეყანაში კარგად წარიმართოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები