საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 12-დან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამერიკელი ინვესტორები, კერძოდ, საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში არსებული ბიზნესპოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს ადგილზე შესაფასებლად, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გიორგი ჩერქეზიშვილთან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მარიანა მორგოშიასთან და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესთან მარიამ ვალიშვილთან.
მათი ცნობით, საჯარო სექტორის გარდა, დელეგაციის წევრები ასევე გამართავენ შეხვედრებს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ენერგეტიკის, საბანკო, საინვესტიციო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და სატრანზიტო ლოგისტიკის სფეროების მიმართულებით.
„მასაჩუსეტის შტატის ქალაქ ბოსტონიდან ჩამოსული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტის 20 წლიანი გამოცდილების სპეციალისტი და მასაჩუსეტის შტატის საპატიო კონსულობის კანდიდატი ჯარეთ გატრი (Jarred Guthrie), ასევე საერთაშორისო კომერციული საბანკო და ტელეკომუნიკაციების სფეროში 30 წლიანი მენეჯმენტის გამოცდილების მქონე ჯიმ ბულიონი (Jim Bullion), ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების სპეციალისტი ჯოზეფ ჰაინსი (Joseph Haynes) და ფინანსური სერვისების ინდუსტრიის, მარკეტინგისა და ინვესტიციების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტი ჯეფრი ლეკლერი (Jeffrey LeClair). დელეგაციას თან ახლავს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია.
შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში – ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მოდერატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
ქართველი პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვა მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა გააპროტესტეს
