ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია და ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით-პრემიერი

ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია და ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით-პრემიერი

ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია და ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
პრემიერმა მიუნხენის კონფერენცია შეაფასა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა.
„აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საფუძვლიანად განვიხილეთ აშშ-თან ჩვენი დღევანდელი თანამშრომლობა. ბატონი მატისისგან მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ, ერთი მხრივ, ნატო-ს ძირითადი პაკეტის ფარგლებში და, მეორე მხრივ, აშშ-თან გვაქვს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროგრამა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ასევე, გვქონდა სხვა შეხვედრები, მათ შორის ევროკომისართან, ბიზნესის წარმომადგენლებთან. უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები იყვნენ მოსული და გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოშია, რომლებსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. ინტერესი იყო ძალიან ძლიერი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საქართველოში არაერთი მათგანის ვიზიტი შედგება. დღეს საღამოს იმართება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საუბარი გვექნება, როგორც პოლიტიკაზე, ასევე, ეს იქნება გარკვეულად სასტარტო შეხვედრა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი საპატიო სტუმრობის გახსნის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის და არა მხოლოდ მწერლობის ძალიან მნიშვნელოვანი წარმოჩენა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი ფიქრობს, რომ ევროპაში დღეს საქართველოს შესახებ საერთო აზრია, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება.
“ვფიქრობთ, ევროპაში საქართველოს შესახებ დღეს საერთო აზრია, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. ჩვენს ქვეყანაში დღემდე უკვე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჩვენი დღევანდელობით, ჩვენი პრობლემებით და უფრო მეტ მხარდაჭერას ვნახულობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული კომპანიების ეკონომიკური წარმომადგენლობაც გაცილებით უფრო მეტი იქნება მომავალში. ჩვენ ამას აუცილებლად დავინახავთ და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები ამის კარგი მაგალითი იქნება. აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. საერთოდ, ჩვენი ოკუპაციის პრობლემა და რეგიონში არსებული მდგომარეობა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის კონტექსტშიც, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია მთლიანად რეგიონში სტაბილურობისა და ამაზე ჩვენს ყველა მეგობართან ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ. ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს დღეს საქართველოს, არის სწორედ ამ საუბრების შედეგი და გამოხატულება საქართველოს საგარეო ვექტორისადმი მხარდაჭერის, სტაბილურობის ჩვენს რეგიონში და ა.შ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მიუნხენის კონფერენცია გვაქვს წელს და, დარწმუნებული ვარ, ამ კონფერენციას ექნება ძალიან კონკრეტული პოზიტიური შედეგები საქართველოსთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები