“ამ შემთხვევაში შიმშილობა შანტაჟის ფორმაა, თუმცა ესაა მათი პოლიტიკური უფლება”

“ამ შემთხვევაში შიმშილობა შანტაჟის ფორმაა, თუმცა ესაა მათი პოლიტიკური უფლება”

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, მიხელ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მოშიმშილე დეპუტატების ქმედება შეაფასა. მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეპუტატები მიმართავენ შანტაჟს ფორმას, თუმცა ეს მათი პოლიტიკური უფლებაა.

„რაც შეეხება შიმშილობის პოლიტიკურ მხარეს, ესაა შანტაჟის ფორმა. რა თქმა უნდა ესაა მათი პოლიტიკური უფლება. თქვენ გახსოვთ, რომ ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციამ ამყოფა შანტაჟისა და ხელოვნური კრიზისის რეჟიმში ეს ქვეყანა. იგივეს განაგრძობენ შიმშილობის ფორმით, რაც ჩვენთვის ბუნებრივია მიუღებელია, თუმცა ესაა მათი პოლიტიკური უფლება და შეუძლიათ მიმართონ ამ ფორმას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ წუთებში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები იმყოფებიან.

„საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ზუსტად ახლა არიან მისული ელენე ხოშტარიას მოსაკითხად. თუ ანალოგიური საჭიროება იქნება სხვა დეპუტატებთან მიმართებითაც, ბუნებრივია ჩვენი მხრიდან გადაიდგმება იგივე ნაბიჯი“, – აღნიშნა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში შიმშილობა გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. ამავე მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები